მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს კაპიტალი” გრძელვადიან პერიოდში რამდენიმე კომპანიის გაყიდვას გეგმავს

606eea2a1aca1
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.21 20:00
6681
საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალმა” მიიღო გადაწყვეტილება მასში შემავალი ბიზნესების ნაწილი ეტაპობრივად გაყიდოს - ამის შესახებ კომპანიის წლიური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, გასაყიდ სეგმენტებს შორის მოხვდა საოფისე და ტურისტული უძრავი ქონების ბიზნესი, ასევე “ჯორჯიან ბევერეჯის ჰოლდინგი”, რომელიც “თელიანი ველსა” და ლუდის მწარმოებელს აერთიანებს, ასევე ტექდათვალიერების ქსელი “გრინვეი” და სხვა კომპანიები. 

ინვესტორთათვის წარდგენილ პრეზენტაციაში საუბარია იმის შესახებ, რომ აღნიშნული მიმართულებებით “საქართველოს კაპიტალს” ბიზნესების გაყიდვა და მათგან გასვლა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანად აქვს განსაზღვრული.

როგორც ფინანსურ ანგარიშში არის აღნიშნული, “საქართველოს კაპიტალმა” გასაყიდად მომზადებული ბიზნესები “Other Portfolio”-ში, ანუ “სხვა პორტფელში” გააერთიანა. დოკუმენტის თანახმად, ამ სეგმენტის ჯამური შემოსავალი 2020 წელს 14.5%-ით გაიზარდა და 321 მილიონი ლარი შეადგინ, ამასთან, სეგმენტის მთლიან აქტივებად ანგარიშში 215 მილიონი ლარი არის მითითებული.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში ამ სეგმენტების ბრუნვა გაიზარდა, მათ შორის:

● უძრავი ქონების გაყიდვებმა 69,000 კვადრატული მეტრი შეადგინა და ის 2019 წელთან შედარებით 153%-ით გაიზარდა (ეს მთლიანად უძრავი ქონების გაყიდვების მოცულობაა, “საქართველოს კაპიტალი” უძრავი ქონების ბიზნესიდან მხოლოდ საოფისე და ტურისტული უძრავი ქონების მიმართულების გაყიდვას გეგმავს);
● ღვინის გაყიდვებმა 7.2 მილიონი ბოთლი შეადგინა და ის 2019 წელთან შედარებით 19.4%-ით გაიზარდა;
● ლუდის გაყიდვებმა 272,567 ჰექტალიტრი შეადგინა და ის 2019 წელთან შედარებით 8.5%-ით გაიზარდა;
● გრინვეის ტექ დათვალიერების სერვისი 2020 წელს 252 ათას ავტომობილს მოემსახურა, რაც 2019 წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა;

შესაბამისად, “საქართველოს კაპიტალის” თანახმად, ამ ბიზნესების უმეტესობაში 2020 წელს ზრდა ფიქსირდებოდა. ინვესტორთა პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნლი ბიზნესები ნაკლებად გამოირჩევიან პოტენციალით, რათა მათ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულებას მიაღწიონ.

ლუდის წარმოების ბიზნესი:

"საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანიის, "ჯორჯიან ბევერეჯის ჰოლდინგის" საკუთრებაში შემავალმა “გლობალ ბიერ ჯორჯიამ” ლუდის წარმოება 2017 წელს დაიწყო, 2019 წელს კი კომპანიამ ლუდსახარში „ყაზბეგის“ ბრენდები და კომერციული აქტივები შეიძინა. ამჟამად კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით “აისი”, შავი ლომი”, “ყაზბეგი”, “კაიკაი”. კომპანია ასევე არის ლიცენზირებული მწარმოებელი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა, როგორიცაა “ჰაინეკენი”, ამსტელი” და “კრუშოვიცე”.

ღვინის წარმოების ბიზნესი:

"ჯორჯიან ბევერეჯის ჰოლდინგის" ანგარიშის თანახმად, კომპანიის საკუთრებაში 2019 წლის ბოლოსთვის 704 ჰექტარის ფართობის ვენახები იყო. კომპანია ღვინის სამ მწარმოებელს აერთიანებს, საიდანაც უმსხვილესი "თელიანი ველია". კომპანიის შემადგენლობაში შედის ასევე ღვინის ქარხანა "ალავერდიც". 2020 წელს ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად კომპანიის გაყიდვები, 19.4%-ით, 7.2 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. 

ტურისტული ბიზნესი:

"საქართველოს კაპიტალი" ამ მიმართულებებს კომპანია "საქართველოს უძრავი ქონების" მეშვეობით ფლობს. კომპანიის ანგარიშის თანახმად, მის პორტფელში შედის ორი დასრულებული სასტუმრო - $12.1 მილიონიანი ინვესტიციით აშენებული Ramada Encore თბილისი, რომელსაც 152 ნომერი აქვს და 121 ნომრიანი სასტუმრო "გუდაური ლოჯი", რომელიც $16 მილიონი დოლარის ინვესტიციით შეიქმნა. ამასთანავე, მშენებლობის ეტაპზეა ხუთი სასტუმრო - 1) პრემიუმ კლასის სასტუმრო გერგეტის ქუჩაზე თბილისში, 99 ნომრით; 2) მელიქიშვილის გამზირის სასტუმრო თბილისში, 125 ნომრით; 3) სასტუმრო მთიანი სვანეთის რეგიონში, 52 ნომრით; 4) პრემიუმ კლასის სასტუმრო კახეთში, 60 ნომრით და 5) 124-ნომრიანი სასტუმროს პროექტი ქუთაისში.

რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” ძირითად მიმართულებებს, რომელთა გაყიდვაც არ იგეგმება, ჯგუფის შემადგენლობაში შედის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG), რომელიც ქვეყნის მასშტაბით კერძო სამედიცინო კლინიკების უმსხვილეს ქსელს “ევექსს” აერთიანებს, ასევე მის შემადგენლობაში შედის “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელიც. ამასთანავე, “საქართველოს კაპიტალის” საკუთრებას წარმოადგენს GGU, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს, ამასთანავე, ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის GWP-იც, რომელიც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაზე არის პასუხისმგებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები