„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი, ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის და ამ თემაზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
როგორც "ბრიტანულ ქართული აკადემიის" პარტნიორი აცხადებს, ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ, აკადემიაში „საქართველოს კაპიტალი“ მივიდა შეთავაზებით, რომ სკოლის წილის ნასყიდობის სანაცვლოდ, ოქროყანისა და ლისის ტერიტორიაზე ორი ახალი კამპუსი უნდა აეშენებინათ. თუმცა, აკადემიის დამფუძნებლისა და დირექტორის ინფორმაციით, ამ 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალს კომპანიაში ფულადი ინვესტიცია არ განუხორციელებია და ამ დრომდე არცერთი კამპუსი არ აუშენებიათ.
„საქართველოს კაპიტალი დაახლოებით 5-6 წლის წინ ჩვენთან მოვიდა შეთავაზებით, რომ უნდოდათ ინვესტიცია განეხორციელებინათ ორი ახალი კამპუსის მშენებლობისთვის, რომელიც ლისისა და ოქროყანის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, წილის ნასყიდობის სანაცვლოდ.
ჩვენი სკოლა იმ პერიოდისთვის და ახლაც, ძალიან წარმატებულია. ჩვენ აქტიურად ინვესტორს არ ვეძებდით, შესაბამისად რამდენჯერმე უარით გავისტუმრეთ. შემდეგ, დაგვაინტერესა სწრაფი ზრდის შესაძლებლობამ, რათა მეტი ბავშვისთვის მიგვეცა ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა. შესაბამისად, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ. გავიდა 5 წელი და ამ დროის განმავლობაში, საქართველოს კაპიტალს არ გაუკეთებია არანაირი ფულადი ინვესტიცია და არცერთი კამპუსი არ აშენებულა.
სკოლამ საკუთარი სახსრებით, როგორც ამას 16 წლის განმავლობაში ვახორციელებდით, ისე ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 38 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა იმ პროექტებისთვის, რომელზედაც ვფიქრობდით, რომ სკოლას სჭირდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს კაპიტალი ჩვენთან წილში რომც არ შემოსულიყო. ჩვენ ამ ინვესტიციებს მაინც განვახორციელებდით, მათ გარეშე“,- აცხადებს ჯანაშია.
რაც შეეხება მისი თანამდებობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაყენებას, ჯანაშია აღნიშნავს, რომ პარტნიორთა შეთანხმებაში ან ხელშეკრულებაში ეს საკითხი შეტანილი საერთოდ არ ყოფილა და აღნიშნული მხოლოდ ამ წლის მარტში გახდა მისთვის ცნობილი.
ნათია ჯანაშიას ადვოკატი, თეა ხამხაძე BMGTV-ს ეთერში თავად პარტნიორთა შეთანხმებას განმარტავს და ამბობს, რომ ხელშეკრულების თანახმად, პარტნიორმა ვალდებულება აიღო წილის სანაცვლოდ ნასყიდობასთან ერთად კომპანიაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, რითაც 2 ახალი კამპუსი უნდა აშენებულიყო.
ადვოკატის თქმით, საკითხზე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ბრიტანელი იურისტებიც აქტიურად მუშაობდნენ, რაზედაც სამართლებრივი დასკვნაც არსებობს.
„პარტნიორმა ვალდებულება აიღო, რომ ამ წილის ნასყიდობასთან ერთად, რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა კომპანიაში, რითაც 2 სკოლა აშენდებოდა.
ჩვენი მოთხოვნაა ხელშეკრულებიდან გასვლა. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და ამასთან პარტნიორთა შეთანხმებიდან გადის ნათია ჯანაშია და ითხოვს, თავისი კუთვნილი წილის, 70%-ის დაბრუნებას. შემდეგ უკვე, უნდა აღდგეს სტატუსკო და მათი მოთხოვნის შესაბამისად, უკვე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იქნება შესაძლებელი.
ამ საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ქართველი, არამედ ბრიტანელი იურისტებიც მუშაობდნენ და არსებობს სამართლებრივი დასკვნაც. შესაბამისად, როდესაც ჩვენი და ბრიტანელი იურისტების პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა და სამართლებრივ საკითხებზე შევჯერდით, მხოლოდ მას შემდეგ მივმართეთ სასამართლოს. აქ მხოლოდ წილის ნასყიდობას არ შეეხება საქმე, როგორც მეორე მხარე თავის განცხადებაში აღნიშნავს. წილის ნასყიდობასთან ერთად, არსებობს პარტნიორთა შეთანხმება და ეს პარტნიორთა შეთანხმება, წილის ნასყიდობის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა თეა ხამხაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. რის გამოც, უკვე მაჟორიტარ პარტიას არ შეუძლია გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს.
ადვოკატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი შეეხება არასრულწლოვნების ინტერესებს, ბავშვებს, სკოლას, სასამართლომ დაადგინა, რომ პარტნიორებმა გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 50-50%-დან გამომდინარე მიიღონ და არა 70-30%-ის საფუძველზე.
ინფორმაციისთვის, 30 მაისს, შპს "საქართველოს განათლების ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა და „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას სახელით მედიაში გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა.