მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.

მისი თქმით, გასული წლის ანგარიშის შემდეგ, ცხრა ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიშით კი, დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ნაბიჯებთან მიმართებაში აშკარა უკუსვლაა.

„ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი თავი - სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები, ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა - ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ისწრაფვის“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს. ის მიღწეულ ტექნიკურ წინსვლასაც აღიარებს. მაგალითად, პირველი - ენერგეტიკულ სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა. მეორე - აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში. მესამე - სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო.

ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი პოზიტიური ცვლილებების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ეს ასე დარჩება. „წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები