„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის სამართლიანად ჩატარებაც.
"ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, წარადგინოს თავისი პროგრამა, ჩაერთოს ამომრჩევლებთან და შეძლოს კონკურენციის გაწევა“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც, მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთო/ოდირ-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით.
"ჩვენი წევრი ყველა ქვეყანა, რომელიც ეუთოს წევრია, მხარს დაუჭერს ამას. ასევე, დავიწყეთ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენი მიზანია, უახლოეს თვეებში ყველა მათგანს შევხვდეთ, რათა ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალიან კარგად ვიყოთ ინფორმირებული საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის იდეების და სხვადასხვა საარჩევნო პროგრამის შესახებ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.