მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 126 ხმით მიიღო

634ed91457d5f
BM.GE
18.10.22 20:55
478
საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებულ დროებით წესს ითვალისწინებს პარლამენტმა, დღეს, პირველი მოსმენით განიხილა და 126 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებამდე კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომისიის შემაჯამებელი ოქმი წარადგინა.

ასევე, მან კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამოკვეთილი პროცედურული და შინაარსობრივი საკითხების შესახებაც ისაუბრა და ცვლილების შინაარსს მოკლედ შეეხო. 

„შინაარსთან დაკავშირებით შემდეგი მოცემულობის წინაშე დავდექით, რომ შეხვედრებში მონაწილე პირთა უმეტესობამ გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობის და გენპროკურორის მდგრადობის უზრუნველყოფის ნაკლოვანების თვალსაზრისით ძირითადად უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი. შინაარსთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველამ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება“, - განაცხადა მან და ოქმიდან შესაბამისი ჩანაწერები წაიკითხა სადაც განხილვის მონაწილეების უარყოფითი მოსაზრებებია წარმოდგენილი შეთავაზებული ცვლილებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

„ცოტა უჩვეულო პოზიციიდან მიწევს გამოსვლა. მოგეხსენებათ ერთი წლის წინ ჩვენ გამოტანილი გვქონდა ზუსტად იდენტური პროექტი და მაშინ პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივა იყო, რომ ამოღებული ყოფილიყო ის ტექსტი, რომელსაც ახლა ხელახლა წარმოგიდგენთ. ამოღების მიზეზი იყო მარტივი, ის დოკუმენტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, მთლიანად არის შეუსაბამო სამართლებრივ პრინციპებთან და მმართველობის ლოგიკასთან. ის კრიტიკული შენიშვნები, რაც გვქონდა ჩვენ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, რჩება ძალაში. თუმცა, არის ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, 12 პუნქტი, და სწორედ იქ არის ასახული შესაბამისი რეკომენდაცია იმისათვის, რომ ჩვენ არ შევაფერხოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, 12 პუნქტის შესრულება, ევროინტეგრაციის პროცესი, ამისათვის არის აუცილებელი ამ კანონპროქტის მიღება. ამ მიზეზით დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ამ პროექტს და უმრავლესობის გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა ამ დოკუმენტის მიმართ. მიუხედავად იმ სამართლებრივი და მმართველობითი კუთხით არსებული პრობლემებისა, რომელიც არის ამ დოკუმენტში დაფიქსირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა და დეპუტატებმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები