„საქართველოს მელიორაციისთვის“ საირიგაციო და სადრენაჟო წყლის მიწოდება ზარალიან საქმიანობად რჩება.
2022 წელს სახელმწიფო კომპანიამ მხოლოდ 6.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო (2021 წელი - 5.8 მლნ) წლიური ზარალი კი, 39.3 მლნ ლარს აღემატებოდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 2.8-ჯერ მეტია.
შემოსავალი კატეგორიების მიხედვით
- სამელიორაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები - 4.4 მლნ ლარი
- ჰესებზე მიწოდებული წყლით მიღებული შემოსავალი 1,047 მლნ ლარი
- წყლის მიწოდების მომსახურებით მიღებული შემოსავალი 351 000 ლარი
- ტუმბო აგრეგატით და სატუმბი სადგურით მომსახურება - 20 000 ლარი
კომპანიის ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ ძირითადი ხარჯი, 2022 წელს ხელფასებზე და თანამშრომლებზე გაწეული სხვა სარგებელი იყო, რაც 19.2 მლნ აღემატებოდა. გასულ წელს საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად კომპანიას ბიუჯეტიდან 26 მლნ ლარის ფინანსური რესურსი ჰქონდა გამოყოფილი. „საქართველოს მელიორაციის“ ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2023 წლის განმავლობაში კომპანიის კაპიტალური და მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით სახელმწიფოსაგან 65 მლნ ლარის სუბსიდიის მიღება იგეგმება, უკვე მიღებული აქვს 52.8 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საირიგაციო მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 45 ათასი ჰექტარიდან 160 ათას ჰა-მდე გაიზარდა.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საირიგაციო და სადრენაჟო წყლის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით. სერვისების მიწოდებას ხორციელდება 20 სერვისცენტრის მეშვეობით. კომპანია მართავს, ჰიდრო ნაგებობებს და სპეციალურ სამელიორაციო სისტემებს. დამატებით, სადრენაჟო და საირიგაციო მომსახურების გარდა, კომპანია ასევე ყიდის ტექნიკურ წყალს კერძო სექტორზე