მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს მიმართ ინვესტიციების ინტერესი, ფაქტობრივად, განულებულია" - კახა ხაზარაძე

კახა ხაზარაძე

"ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ კახა ხაზარაძის შეფასებით, „საქართველოს მიმართ ინვესტიციების ინტერესი, ფაქტობრივად, განულებულია“.

როგორც კახა ხაზარაძემ BMGTV-ს გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ამის ძირითადი მიზეზი პოლიტიკური კრიზისი, ინსტიტუტების შესუსტება და ქვეყნის ავტორიტარული მიმართულებით სვლა გახდა.

„ევროკავშირის წევრობა დოგმა არ არის, მაგრამ სადაც ინსტიტუტები არ მუშაობს, იქ კერძო კაპიტალი არ შედის. მით უმეტეს, თუ ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიისწრაფვის – ასეთ ქვეყნებში უცხოელი ინვესტორი პრაქტიკულად არ შედის... ერთი კვირის წინ ევროპიდან ჩამოვედი - საქართველოს მიმართ ჩემი ყველა პარტნიორის მხრიდან ინტერესი განულებულია... პრობლემები ევროპაშიც აქვთ - ბევრ ქვეყანაში გვინახავს პოლიტიკური კრიზისი, როცა რამდენიმე თვე და ნახევარი წელიწადიც კი, მთავრობაც არ ჰყოლიათ, მაგრამ იქ ინსტიტუციები მუშაობს... ინვესტიციები მიდის იქ, სადაც სიტუაცია გამჭვირვალეა. ჩვენთან კი, ეს გამჭვირვალობა აღარ არის“, - ამბობს ბიზნესმენი.

საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15.5%-ით $763.8 მლნ-მდე შემცირდა

მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2024 წლის არჩევნების შედეგებს მოჰყვა და ევროკომისიის მკაცრი შეფასებები ქმნის გარემოს, სადაც გრძელვადიანი კაპიტალი არ შედის.

„სადაც სიტუაცია არ არის გამჭვირვალე, იქ კერძო კაპიტალის შედინება არ ხდება. ესაა მიზეზი, რატომაც დღეს უცხოური ინვესტიციები კლებულობს და არა იმიტომ, რომ მსოფლიოში ფული არ არის“, - აღნიშნა მან.

ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „წერტილთან“ ინტერვიუში ცხრა თვეში 7.7%-ით გაზრდილ ეკონომიკაზეც ისაუბრა - ბიზნესმენი ამბობს, რომ ოფიციალური რიცხვები, რომელზედაც ხელისუფლება აპელირებს, რეალურ კეთილდღეობაში არ ისახება.

„8-9%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩემთვის ციფრებად რჩება. მოსახლეობას თუ გადავხედავთ, მათი მდგომარეობა უარესდება - სად მიდის ეს ზრდა?“ – განაცხადა ბიზნესმენმა და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ეკონომიკაზე თავისი მოლოდინი კიდევ ერთხელ გააჟღერა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დავდგებით. საზოგადოებას ეგონა, რომ ეს ერთ თვეში მოხდებოდა, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია და ამ პრობლემას ვერ ავცდებით... საქართველოს არ აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიც მაგალითად, რუსეთს, ამიტომ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ქვეყნისთვის გარედან კაპიტალის მოზიდვა თითქმის შეუძლებელი გახდება... გრძელვადიან პერსპექტივაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები