მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მიმართ ონლაინ ძებნის დინამიკა შენელებულია - "თიბისი კაპიტალი"

ბრიტანეთი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ ინტერესის დინამიკა ონლაინ საძიებო პლატფორმებზე, მათ შორის Google-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ-ერთ დამატებით ინდიკატორად გამოიყენება ტურიზმისა და მოთხოვნის შეფასებისთვის.

„თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებული ძებნის სიხშირე კონკრეტული ქვეყნებიდან, მათ შორის ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ ამ ბაზრებიდან საქართველოს მიმართ ონლაინ ინტერესში მნიშვნელოვანი ზრდა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

"Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თიბისი კაპიტალის მკითხველს ახსოვს, რომ ეს ინდიკატორი გასული წლის ივნისში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების როგორც თავდაპირველი კლების, ასევე შემდგომი აღდგენის რეალურ დროში დაკვირვებისთვის ძალზე გამოსადეგი იყო,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

მიმოხილვის თანახმად, მარტის განმავლობაში უცხოური ბარათებით განხორციელებული ხარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება, კლებას აჩვენებს. შემცირება ფიქსირდება როგორც სასტუმროებისა და ავიაბილეთების კატეგორიებში, ისე სხვა ტურისტულ სერვისებშიც, რაც არარეზიდენტი ვიზიტორების აქტივობის შენელებაზე მიუთითებს.

"ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ტურისტული ნაკადების დინამიკა ნაწილობრივ აისახება საქართველოს აეროპორტების დატვირთულობაზეც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუმცა ჯერ კიდევ ომამდელ მაჩვენებლებს ჩამორჩება. დაგეგმილ და შესრულებულ რეისებს შორის სხვაობის შემცირება მიუთითებს გაუქმებული ფრენების კლებისკენ მიმართულ ტენდენციაზე.

საპირისპირო სურათია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ფრენების რაოდენობა როგორც წინა წელთან, ისე 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მიმართულება განსაკუთრებით დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე, რაც მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში დამატებით რისკებს ქმნის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის, თუმცა დატვირთულობა წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია, რაც ნაწილობრივ კონკრეტული ავიაკომპანიის ოპერაციულ ცვლილებებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები