საქართველოს ბოთლების, ბოცების და მინის სხვა ტევადობების იმპორტი გაუძვირდა. 8 თვეში ქვეყანამ 51 მილიონ 353 ათასი დოლარის ღირებულების 96 674 ტონა მინის ტარა შეიძინა. იმპორტი ღირებულებაში 5%-ით გაიზარდა, მოცულობით კი 10.2%-ით შემცირდა.
ამ პერიოდის განმავლობაში 1 ტონა საქონელს საშუალოდ 531 დოლარად ვყიდულობდით, მაშინ როდესაც გასული წლის 8 თვეში 1 ტონა მინის ტარის საშუალო ღირებულება 454 დოლარი იყო.
მინის ბოცები, ბოთლების და მინის სხვა ტევადობების მთავარი მომწოდებელი რუსეთი და სომხეთი არიან. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ამ პროდუქტის შემოტანა სწორედ რუსეთიდან გაუძვირდა, რამეთუ იანვარ-აგვისტოში იმპორტის ღირებულება 14.6%-ით შემცირდა, მოცულობა კი 34.6%-ით შემცირდა.
მინის ბოცების, ბოთლების TOP-საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- რუსეთი - $25.2 მლნ, 47 501 ტონა;
- სომხეთი - $17.3 მლნ, 39 007 ტონა;
- ჩინეთი - $1.8 მლნ, 896 ტონა;
- აზერბაიჯანი - $1.6 მლნ, 3 532 ტონა;
- თურქეთი - $1.4 მლნ, 2 050 ტონა;
- უკრაინა - $1.3 მლნ, 1 684 ტონა;
ამ დასახელების პროდუქტი ასევე საფრანგეთიდან, მოლდოვიდან, იტალიიდან, უზბეკეთიდან შემოდის.




























