საქართველოს მინის ბოთლების იმპორტი გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 39 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 74 000-მდე ტონა მინის ბოთლი და ბოცა შემოვიდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი მოცულობით მეტი (79 440 ტონა), ხოლო თანხაში ნაკლები - 35,6 მლნ აშშ დოლარი იყო. მონაცემები მინის ბოთლების იმპორტის გაძვირებაზე მიუთითებს.
მინის ბოთლების მთავარი მომწოდებელი რუსეთია, მას მოჰყვება სომხეთი და ჩინეთი. TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი შემდეგია:
- რუსეთი - 18,7 მლნ აშშ დოლარი (35 645 ტონა)
- სომხეთი - 13,5 მლნ აშშ დოლარი (30 178 ტონა)
- ჩინეთი - 1,5 მლნ აშშ დოლარი (687 ტონა)
- თურქეთი - 1,2 მლნ აშშ დოლარი (1 917 ტონა)
- აზერბაიჯანი - 1,1 მლნ აშშ დოლარი (2 555 ტონა)
- უკრაინა - 992 500 აშშ დოლარი (1 370 ტონა)
- საფრანგეთი - 552 100 აშშ დოლარი (296 ტონა)
- მოლდოვა - 354 600 აშშ დოლარი (432 ტონა)
- იტალია - 329 500 აშშ დოლარი (121 ტონა)
- უზბეკეთი - 108 600 აშშ დოლარი (196 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, მინის ბოთლების და ბოცების ექსპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნიდან 1,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 342 ტონა ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, გასულ წელს ეს რიცხვი 896 300 აშშ დოლარი და 1709 ტონა იყო. მონაცემები კიდევ უფრო ნაკლები იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მთავარი საექსპორტო ბაზრები აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში 1 მლნ აშშ დოლარის 2 123 ტონა ბოთლი გავიტანეთ, სომხეთში - 93 500 აშშ დოლარის 177 ტონა, ხოლო ბელარუსში - 35 800 აშშ დოლარის 41 ტონა.




























