"ქვეყნის მმართველობის შესახებ მზარდი შეშფოთებები ასევე წარმოადგენს რისკს", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. IMF-ის დირექტორთა საბჭომ საქართველოს შესახებ შეფასება დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5.7%-ით, 2025-ში კი 5.2%-ით გაიზრდება, თუმცა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მიგრანტების ეფექტის შენელბასთან, ასევე საქართველოში რეფორმების ტემპის კლებასთან, მთავრობის ტრაექტორიის შესახებ მზარდ შეშფოთებასთან, ეროვნული ბანკის კანონმდებლობასა და სებ-ის მმართველობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებთან, ასევე საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ თუკი მოხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების განხორციელება, ეს დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებსა და საგარეო ინვესტიციებზე. IMF-ი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს გააქტიურდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რა მიმართულებითაც ფონდი სუსტ პროგრესზე მიუთითებს.
“მიმოხილვასთან დაკავშირებული რისკები უმეტესწილად ნეგატიური მიმართულებით მოქმედებენ. ეს არის ომთან დაკავშირებული მიგრანტებისა და ფულადი ნაკადების მიმართულებების შეცვლა. ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ეფექტები, რომლებიც ირიბად საქართველოზეც ახდენს გავლენას და გეო-ეკონიმიკური ფრაგმენტაცია რჩება საქართველოსთვის წამყვან რისკებად. დაგროვებული ფისკალური ბუფერი, ასევე საბანკო სექტორის მაღალი კაპიტალის დონე და სავალუტო კურსის ლიკვიდობა ამ რისკების მინიმიზებას მოახდენს. 2024 წლის არჩევნების წინ რეფორმების მომენტუმის შენელება, ასევე ქვეყნის მმართველობის შესახებ მზარდი შეშფოთებები ასევე წარმოადგენს რისკს. თუმცა დადებითი ფაქტორია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ინვესტიციებისთვის კარგი სიგნალია, ასევე მასთან დაკავშირებულ რეფორმებს საქართველოს გაწევრიანების გზაზე პროგესის მიღწევა შეუძლია.
ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ. ასევე არსებობს ნაკლოვანებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, რაც დაკავშირებულია სებ-ის მმართველობასა და დამოუკიდებლობასთან. ფისკალური თვალსაზრისით ადეკვატური ბუფერები შენარჩუნებული იქნა, ასევე კარგი პროგრესია მიღწეული საგადასახადო დანახარჯების შეფასების მიმართულებით, ასევე პროგრესი შეინიშნება სახელმწიფო ინვესტიციების მენეჯმენტის მხრივაც. თუმცა, პროგრესი ნელია საშუალოვადიანი შემოსავლების სტრატეგიის შემუშავების, ხარჯვების პრიორიტეტიზაციისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მხრივ, რათა მათგან მომავალი ფისკალური რისკები შეიზღუდოს", - ნათქვამია IMF-ის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეფასებაში.