მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქმედი ელჩები დღეს ქვეყნის სამსახურში არიან? – ინტერვიუ ელგუჯა ხოკრიშვილთან

ელგუჯა ხოკრიშვილი

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, მოქმედი დიპლომატებისგან გმირობას არავინ ითხოვს, მაგრამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - ვის სამსახურში არიან დღეს საქართველოს მოქმედი ელჩები.

საქართველოს დადუმებულო ელჩებო, სხედხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც - ვერა, ნუთუ ესოდენ გეშინიათ?! - სალომე ზურაბიშვილი

- ჩვენ ვნახეთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება {მოქმედ დიპლომატებზე}, რომელშიც სწორი აქცენტები იყო დასმული. დიახ, დღეს ვდგავართ გზაგასაყარზე - როცა ისტორიული არჩევანი საფრთხის წინაშეა, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა, მაგრამ ჩვენ შეიძლება, შევიდეთ ისეთ გაურკვეველ ციკლში, რომ ამ პროცესს გაურკვეველი დროით ჩამოვრჩეთ... ამიტომ საჯარო მოხელეები, მათ შორის ელჩები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენენ, უნდა ემსახურებოდნენ სახელმწიფო ინტერესს და არა რომელიმე პარტიის ან კონკრეტული ადამიანის პირად ინტერესს. {საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გვიწერია, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად} ამდენად, მიმაჩნია, რომ ყველას მოვალეობაა, სულ მცირე თავისი პოზიცია დააფიქსიროს. არავის ვთხოვთ გმირობას, რომ თანამდებობა დატოვოს, მაგრამ ის, რომ საჯარო მოხელემ სახელმწიფო ინტერესი უნდა დააყენოს პირად ინტერესზე ზევით, ეს არის ნორმა ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

- რადგან ყველა მოქმედი ელჩი დუმს, გამოდის, ყველამ პირადი ინტერესი დააყენა წინ?

- დიახ... თუ საჯარო ინტერესია, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და პარალელურად, ვხედავთ საქართველოს მხარდამჭერი რამდენი პროგრამა გაჩერდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენმა პირველი პირმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გაჩერებულია, თავად იმ დიპლომატების პოზიცია რა არის?! - ამბობენ, რომ ისევ აგრძელებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?

- თქვენ რას იტყოდით მათ ადგილას?

- მოდი ასე ვთქვათ - თუ ევროინტეგრაცია არ გაჩერებულა და ყველაფერი კარგად არისლ, მაგრამ თან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირებისგან ვისმენთ, რომ ევროინტეგრაცია გაჩერდა ე.ი. ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა ვერ შეასრულა ფუნქცია ანუ ვერ დააჯერა ევროკავშირის პირველი პირები, რომ დემოკრატიული რეფორმები, რაც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო, არ შეჩერებულა....

- ელჩები საჯაროდ საერთოდ არაფერს ამბობენ...

- საბოლოო ჯამში, ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას; მე შემიძლია, ზოგადად პოზიციონირება შევაფასო, როცა საქმე ეხება პირად და საჯარო ინტერესს. სახელმწიფო ინტერესი არის პირველი - ეს კონსტიტუციაში გვიწერია. არავინ ემსახურება რომელიმე პარტიას - არც მმართველს და არც ოპოზიციას...

- დღეს ჩვენი ელჩები ვის წარმოადგენენ?

- მათ უნდა ჰკითხოთ...

- თქვენი შეფასება მაინტერესებს...

- ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგენენ და ვის წარმოადგენენ - პარტიას თუ კონკრეტულ პიროვნებას, ეს არ ვიცი.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთ წრეზე სიარული და გავაჩინოთ პერსპექტივა, რომ ქვეყანას ჰქონდეს განვითარების შანსი; ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი არჩევნებს ხელმეორედ ჩაატარებს და მოქალაქეებს დაუბრუნებს უფლებას, თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების პირობებში, თავისი ნება გამოხატონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები