მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მოსახლეობა ისტერიულად ეძებს შემოსავლის წყაროებს“ - ნატალია ბახტაძე ქალების ნარატივში

BM.GE
01.03.21 11:48
667

„ტურიზმში შემდეგი 5 წლის ტენდენცია იქნება ე.წ slow travel, solo travel“ -საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და მრჩეველი ნატალია ბახტაძე „ქალების ნარატივში“

 

-UNWTO-ს გენერალური მდივანმა, ზურაბ პოლოლოკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა რომ ტურიზმის მალე აღდგეს. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

-მან, ჩემი ვარაუდით, იგულისხმა ტენდენციები. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი არამასიური ტურიზმის გასავითარებლად, ბევრი ისეთი ტერიტორიაა, რომელიც ქართველებმაც არ ვიცით. ბევრი სხვადასხვანაირი ტურები შეიძლება მოეწყოს, ბიომრავალფეროვნების კუთხით ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა ვართ. დასათვალიერებლად, აღმოსაჩენად, განსაცდელად ძალიან კარგი ქვეყანაა.  

შემდეგი 5 წლის ტენდენცია ეს იქნება - slow travel, solo travel - არა დიდ ჯგუფებით მოგზაურობა, არამედ მაქსიმალურად, ბუნებაში განმარტოებულად, კონტაქტი ადგილობრივებთან, ასევე გაცდები, ეს დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ლანდშაფტთან, მთასთან, ზღვასთან. ეს არის ზუსტად experiential (გამოცდილებითი) ტურიზმი. ასეთი ხდება ტურიზმის ძირითადი ტრენდები და ეს პოტენციალი ჩვენ გვაქვს. 

პანდემიამ მასიური ტურიზმი, რომელიც ამას ანადგურებდა, ცოტა შეაჩერა. საგულისხმოა ის, თუ რა ხდებოდა ჯვრის უღელტეხილზე. 

 

-დღეს რას ვახვედრებთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს? 

-ჯერჯერობით, გაუხსნელ ქვეყანას. ის დამოკიდებულება რომელიც იყო, რომ არ უნდა გაგვეხსნა მთის კურორტები, ამას არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ მთის კურორტებზე მიზღვავება იქნებოდა დახურული ქვეყნის პირობებში ან იმ პირობებში, როგორიც ახლაა, ვგულისხმობ, ქვეყანაში შემოვლის პირობებს. სასტუმროებსაც ექნებოდათ მიზერული შემოსავალი, საუბარია, საარსებო მინიმუმზე. 

 

-პრემიერ-მინისტრის ცვლილება რას ცვლის ტურიზმისთვის?

-პანდემიის ფონზე, სასწრაფოდ დასარეგულირებელი ბევრი პრობლემა დაგროვდა, მან ბევრ პრობლემას „მოხსნა თავი“. იმდენად სწრაფად მიდის პროცესები, რომ ამ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღების არყოლა არის ამ პრობლემების მოუგვარებლობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არ ჰყავს ხელმძღვანელი, არადა სწორედ ეს ადმინისტრაცია განსაზღვრავს ტურიზმის პოლიტიკას, ძირითად გადაწყვეტილებებს. კი, ჰყავთ კონკრეტული მიმართულებებით არაჩვეულებრივი გუნდი, მაგრამ მაინც, ამ ეტაპზე, მყისიერი რეაგირებები გვჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორი ამას თანმიმდევრულად და სწრაფი რეაგირებით მიჰყვეს.   

 

-ტურიზმის სექტორში არსებობს ისეთი პრობიზნესული გადაწყვეტილება, რომლიც გიორგი გახარიას პრემიერობას უკავშირდება?

-ასე ვერ ვიტყვი. ყოველი შემთხვევისთვის, პანდემიის მკაცრი რეჟიმიდან როგორც კი გამოვიდა მდგომარეობა, დაიწყეს დიალოგი კერძო სექტორთან. შევქმენით მოდელი ურთიერთობისთვის. კონკრეტული თემები, რაზეც ვთქვით რომ ვთავაზობდით ფორმატს სათანამშრომლოდ, ამაზე მთავრობა წამოვიდა. იდეაფიქსი არაა რომ მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრს შეხვდე, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების ჯაჭვი, რომელიც გვჭირდება კონკრეტულ შედეგამდე მისასვლელად. 

 

-როგორ ფიქრობთ მთავრობის დახმარებები ტურიზმის ინდუსტრიისთვის საკმარისი იყო?

-ძალიან ბევრმა კვების ობიექტმა და სასტუმრომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ლოგიკური იყო, რომ ასე კლების ტენდენციით წავიდოდა. ბაკურიანში და გუდაურშიც უნდა შევხედოთ, რამდენი ობიექტი შეძლებს გადატანას. მესტიაც ძალიან დაზარალებულია და სჭირდება ხელშეწყობა თუნდაც საბანკო სექტორთან ურთიერთობისთვის, კრედიტების თვალსაზრისით. მაგრამ მესტია მაინც უფრო ცოცხალი ორგანიზმია, იქ ცხოვრობენ ადამიანები და მეტ-ნაკლებად ყოჩაღად გამოიყურება.

გაქირავების ობიექტებს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად შეინარჩუნებს ის სეგმენტი, რომლებიც სეზონის განმავლობაში აქირავებდნენ, მაგალითად, როცა თბილისიდან იყო ჩადებული ინვესტიცია.  

 

-საქართველოს მთავრობამ გერმანიასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც იქ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ქართველების ლეგალურ დასაქმებას გულისხმობს. პროგრამაში ჩართვის მსურველი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. ეს რაზე მიანიშნებს?

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებაზე ამხელა მოთხოვნა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა ისტერიულად ეძებს შემოსავლის წყაროებს, მაგრამ სოციალურ ქსელში გამოკვეთილ ნარატივს არ ვიზიარებ. ჩემი გადმოსახედიდან, არაფერი ცუდი არაა იმაში, რომ თუნდაც ახალგაზრდები 3 თვით წავიდნენ, გამოცდილება და ფინანსური სარგებელი მიიღონ. დამოკიდებულება, რომ პროგრამით სამუშაოდ წასული ადამიანები გერმანიაში დარჩებიან, დილეტანტურად მიმაჩნია. არ მგონია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში წასული ადამიანები, ესე მარტივად დარჩნენ გერმანიაში, სადაც პანდემიიდან გამომდინარე, აღრიცხულია, ვინ შედის და გამოდის. ეს უტოპიად მეჩვენება, გერმანიის შესაძლებლობების ცოდნიდან გამომდინარე. წავლენ და ჩამოვლენ, რა პრობლემაა?!  

 

-რა მოლოდინი გაქვს, საქართველოში ჩამოვლენ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები?

-იმდენად კომპლექსურია ქართული პროდუქტი, რომ შეგიძლია ყოველ დღე რაღაც ახალი აღმოაჩინო. ცოტა ხნის წინ ვიყავი ასული კინჩხაზე, იმხელა პოტენციალი დავინახე, სჭირდებათ ხელშეწყობა.  

 

-თავად ჯირითობთ?

-დიახ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პროფესიონალი ვარ. ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ვიყავით იანვარში, გადასარევია ლიკანის ტური. იქ არის ადგილობრივი საცხენოსნო ასოციაცია. არაჩვეულებრივია იმ ტყეში ცხენებით გასეირნება, განსაკუთრებით, ფილტვებისთვის.   

 

-როგორ ფიქრობთ, დღეს ვიცით ბოლომდე ის წესები, რომელითაც უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ ?

-თან კი, თან არა. ფაქტია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის შემუშავებულმა გაიდლაინებმა არ იმუშავა, თორემ არ გვექნებოდა ასეთი აფეთქებები, თუნდაც, რაც მოხდა ბათუმში. ასევე, ვნახეთ, რომ საოჯახო ტიპის ობიექტებისთვის - მარნებისთვის, კვების ობიექტებისთვის თუ სასტუმროებისთვის, რთული აღმოჩნდა ამ წესების დანერგვა. ამიტომ გადავწყვიტეთ შევთავაზოთ კონკრეტულ ობიექტებიდან გამომდინარე რეგულაციები. რასაც მოსთხოვ რამდენიმე ვარსკვლავიან სასტუმროს, იმდენს ვერ სთხოვ საოჯახო ტიპისას. ეს განსხვავებები გვჭირდება.

 

-ამ გაურკვევლობის პირობებში, ტურისტები შემოვლენ საქართველოში?

-ჯერ კიდევ საქართველო არის პატარა ოაზისი, რომელიც ჯერ კიდევ ამოუცნობია, ჯერჯერობით მაინც ისევ გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფოს სახელი და თან, არც ისე შორს ვართ ევროპიდან, დამღლელი, გრძელი გზა არაა, ამიტომ, კი, ვართ დაინტერესების სფეროში.  

 

-2021 წელს რას აპირებთ?

-მთავარი მიზანია, სანამ დიდი ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად დავნერგოთ ის სისტემა, რომ მშენებლობა იქნება თუ დიდი ჩარევა გარემოში ტურისტული მიზნით, კარგად გავაანალიზოთ, ვთქვათ, დიდი სასტუმროს მშენებლობა რამდენად მიზანშეწონილია. მიმზიდველია თუ მთლიანად ანგრევს იმ კონცეფციას რისთვისაც ტურისტი ჩამოდის? ახლა მეთოდოლოგიაზე ვმუშაობთ.

 

 


სტუმარი: ნატალია ბახტაძე - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი და მრჩეველი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები