"საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა", - ამის შესახებ “ამერიკის ხმას” ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა განუცხადა.
"თუკი ქვეყანა არ ასრულებს იმ ორგანიზაციების პირობებს, რომლის წევრობაც სურს, არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს და არ იზიარებს მის ღირებულებებს, ეს ცხადია, მისი სუვერენული უფლებაა. მაგრამ მეორე მხარესაც ასეთივე უფლება აქვს, არ სურდეს მიიღოს თავის წრეში ის, ვინც განსხვავებულ გზას ირჩევს", - განუცხადა "ამერიკის ხმას" ლატვიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. "დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა ედგარს რინკევიჩმა.
რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" მიერ დასმულ შეკითხვას, ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა "არ გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, არ უნდა ველოდოთ მათგან "იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს".
"მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს - ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.
ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.
მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.