ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სარგებელზე, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს და ეს მათი არჩევანია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას როგორ შეაფასებდა საქართველოს ხელისუფლების უარს მონაწილეობა მიეღო დაკავშირებადობის სამიტში.
"თითოეული ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას და რა შესაძლებლობებს შექმნის ან გამოიყენებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს.
ეს მათი არჩევანია, თუმცა ვფიქრობ, ხალხი სხვაგვარად ფიქრობს“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.
დღეს, 16 ნოემბერს, ბრიუსელში დაკავშირებადობის სამიტი იმართება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის დაკავშირებადობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.
























