საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაცია ქართველ ხალხს არ ეხმარება.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-ის და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია, ასევე განცხადებები, იმის მსგავსი, რომელიც გუშინ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, აქედან არც ერთი ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც იწევს საქართველოს შემდგომ იზოლაციას დასავლეთისგან, აშშ-სგან, ევროპისგან არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ქართველმა ხალხმა უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი არის ევროპასთან, დასავლეთთან.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არ არსებობს მსოფლიოში აშშ-ზე უფრო ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და საქართველოს დახმარებას, რათა გაძლიერდეს და გახდეს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც ცდილობს საქართველოს აშშ-სგან იზოლაციას, არავისთვისაა სასარგებლო“,- განაცხადა ელჩმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრ და პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
"აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს",- წერია პრესრელიზში, რომელშიც არაფერია აღნიშნული, თუ რა უთხრა ირაკლი კობახიძეს თავად აშშ-ის ელჩმა.