მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობისთვის IDS Borjomi-ის აქციების ნაწილის გადაცემის საკითხს ორი უწყება შეისწავლის

62860738e8d1b
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.22 13:02
1556
ეკონომიკისა სამინისტრო IDS Borjomi International-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების წილის უსასყიდლოდ გადაცემის შეთავაზებას ადასტურებს. ამის შესახებ BM.GE-ს სამინისტროში განუცხადეს.

„დღეს IDS Borjomi International-ში აქციონერების წარმომადგენელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნულის შესახებ განცხადება შემოიტანა. ამ განცხადებას სწავლობს ეკონომიკის სამინისტრო და ის შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნა. შედეგის მიღებისთანავე დეტალები გასაჯაროვდება“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კითხვაზე - IDS Borjomi International-ის აქციების რა წილზეა საუბარი და რამდენ ხანში დაიდება დასკვნა, უწყებაში ვერ გვპასუხობენ და ამბობენ, რომ პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომმა" დღეს განცხადება გაავცელა, რომლის მიხედვით კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით "სასიამოვნო სიახლეებს" მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიგებდა. 

IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული "ალფა ჯგუფი" (Alfa Finance), რომელიც თავისმხრივ სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. "ალფა" ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონ დოლარად შეისყიდა. 

ამჟამად, IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. უშუალოდ კომპანია IDS Borjomi International-ს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Rissa Investments Limited-ი ფლობს, (რომლის აქციონერებიც ალფა ჯგუფი და პატარაკაციშვილების ოჯახი არიან).

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.

“აიდიეს ბორჯომი საქართველო” მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი კი $64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. ქვეყნების მიხედვით, მისი 2020 წლის შემოსავალი ასე ნაწილდება:

● რუსეთის ფედერაცია - $41.9 მილიონი;
● უკრაინა - $18 მილიონი;
● ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა - $14.3 მილიონი;
● ყაზახეთი - $13 მილიონი;
● საქართველო - $11 მილიონი;
● ბელარუსი - $6.4 მილიონი;
● უზბეკეთი - $2.2 მილიონი;
● აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი;
● სხვა ქვეყნები - $11.2 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები