მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში 70-ე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველო 70-ე ადგილზე FIFA-ს რეიტინგში

ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველომ 74-ე პოზიციიდან 4 საფეხურიანი პროგრესი განიცადა და 70-ე ადგილი დაიკავა.

პროგრესი ცალსახად პორტუგალიის ნაკრების დამარცხებამ განაპირობა, რითაც ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. შედეგად საქართველოს რეიტინგში 22,5 ქულა მოემატა და 1361,41 ქულა გაუხდა, რაც 70-ე ადგილისთვის განკუთვნილი მაჩვენებელია.

ამაზე უკეთესი შედეგი ჩვენს ნაკრებს უკანასკნელად 2013 წლის მარტში ჰქონდა, როცა 69-ე პოზიციას ვიკავებდით.

რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს, ერთა ლიგის B დივიზიონში ჩეხეთი 13 ადგილით ჩამოქვეითდა და 47-ე ადგილზეა, რაც უდიდესი რეგრესია ბოლო განახლებაში, უკრაინა 25 პოზიციაზეა, ხოლო ალბანეთი 66-ზე.

FIFA-ს რეიტინგის სათავეში კვლავ არგენტინის ნაკრებია, რომელმაც სარეკორდო მე-16 კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო მათ შემდეგ სიაში ფრანგები მოდიან.

ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა მერვე პოზიციიდან ხუთ ადგილიანი პროგრესი განიცადა და 1835,67 ქულით რეიტინგის მესამე ადგილოსანია.

FIFA რეიტინგს სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, კერძოდ 19 სექტემბერს განაახლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები