მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობა
02.05.24 00:13
668

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გაფრთხილებაა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების წითელი დონე.

საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესი

მერვე მუხლი

ა) წითელი დონე − ბუნებრივი კატასტროფის, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე თავდასხმის ან სხვა მყისიერი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შეიძლება გამოცხადდეს უსაფრთხოების წითელი დონე. უსაფრთხოების წითელი დონის გამოცხადების შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების ევაკუაცია. ევაკუაციის დროს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფი ყველა პირი, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე;

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წესის მერვე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს მის გაუქმებამდე, ხოლო ყვითელი დონე − წინასწარ დადგენილი ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები