პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერება მათ მიერ წესების დარღვევას უკავშირდება.
პაპუაშვილს ჰკითხეს ჟურნალისტებისთვის პარლამენტში საქმიანობის აკრძალვის ფაქტებზე, რაზეც ის აცხადებს, რომ საფუძველი რესპონდენტის უარის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერის გაგრძელებაა.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ აკრედიტაციის მქონე 300-ზე მეტ ჟურნალისტს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა არ ეზღუდება.
“რაც შეეხება აკრედიტაციის წესებს, აქ მთავარი პრინციპი არის შემდეგი, რომ ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. თქვენ იცით ძალიან კარგად, 1 წელზე მეტია აკრედიტაციის სისტემა მოქმედებს. განსხვავებით მანამდე არსებული წესისა, სადაც ყოველ ჯერზე გიწევდათ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან საშვების დაშვებაზე თხოვნა და ა.შ. დღეს, 400-მდე ჟურნალისტს აქვს აკრედიტაცია და შეუძლია ნებისმიერ დროს შემოვიდეს, სადაც უნდა იქ იმოძრაოს და თავისი ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოს. ამისი საპირწონეა წესები. პარლამენტი საჯარო სივრცე არაა, ადმინისტრაციული დაწესებულებაა. აქ შემოსვლა და ჟურნალისტის საქმიანობა აკრედიტაციის წესების და ქცევის წესების საფუძველზე ხდება.
რა თქმა უნდა, არანორმალურია, რომ კითხვების დასმის გამო არ შემოუშვან. ყოველ მეორე დღეს ვდგავარ და 1 საათი კითხვებს მისვამთ. მე მგონი, არ არის პრობლემა. წესები ყველამ კარგად იცით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ წესებს მივყვეთ და საბოლოოდ ვნახეთ, რომ ამან გააჯანსაღა ურთიერთობა რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის. წესი არის მარტივი, რომ თუ რესპონდენტთან ინტერვიუ გსურთ, წინასწარი ნებართვა არაა საჭირო, ზოგ პარლამენტში ესეცაა საჭირო. მეორე, არაა შეზღუდული ადგილი, სად შეგიძლიათ ჩაწეროთ. ზოგ პარლამენტში ესეცაა შეზღუდული. შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ ინტერვიუ და მათ შორის ჩაწერა, იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტს არ სურს, უნდა შეწყდეს ინტერვიუ. ყოველ დარღვევაზე აპარატი ეცნობა დეტალებს, მტკიცებულებებს, ფაქტებს და ამაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით იყო მტკიცებულებები, მათ შორის თქვენს მიერ ეთერში გაშვებული კადრებიც აჩვენებდა, რომ მიუხედავად პარლამენტის წევრის მოწოდებისა, შეეწყვიტა ინტერვიუ, ერთ-ერთი ჟურნალისტი დაედევნა და არ წყვეტდა ინტერვიუს”,- ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს მცდელობის გამო პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი თვის ვადით შეუჩერა "მთავარი" არხის ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს. ამავე მიზეზით, აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს.