მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სესხია, რომელსაც პროცენტებით ვაბრუნებთ“ - პაპუაშვილი კვლავ ირწმუნება, რომ საფრანგეთისგან საბიუჯეტო დახმარებას არ ვიღებთ

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ საფრანგეთისგან საბიუჯეტო დახმარებას არ ვიღებთ. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საფრანგეთის საელჩოს მიერ დასახელებული თანხები სესხია, რომელსაც პროცენტით ვაბრუნებთ.

„სინამდვილეში, თავის დროზე რაზედაც საფრანგეთის ელჩს ჰქონდა განცხადება, პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებაზე, ეს არის სპეციფიკური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მაგალითად ევროკავშირს აქვს საქართველოსთან. თუ არ ვცდები, 120 მილიონამდე ევროა, რომელიც საჩუქრად ეძლევა ქართულ ბიუჯეტს. ეს არის გრანტი, ანუ დახმარება, ოღონდ ეს არაა ნაჩუქარი ფული. ეს არის ასოცირებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების კვალდაკვალ შენატანი ევროკავშირის მხრიდან ქართულ ბიუჯეტში. რაც შეეხება სხვა ინსტრუმენტებს, აქ საფრანგეთი კი არა, გერმანიასაც აქვს, ჩინეთსაც აქვს, აზიის ბანკსაც აქვს, EBRD-ს, მსოფლიო ბანკს. სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებიდანაც ვიღებთ სესხებს. ეს არც საჩუქარია, არც გრანტი, ეს არის სესხი, რომელსაც პროცენტებით ვაბრუნებთ უკან. არა თუ ვინმე რამეს გვჩუქნის, მოგებით იბრუნებს უკან. ამიტომ ტყუილია, არანაირ 900 მილიონს ბიუჯეტი არ იღებს ამ მხრივ”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა საფრანგეთის ელჩს ტყუილში, პაპუაშვილმა განმარტა, რომ ისიც და ელჩიც სიმართლეს ამბობენ, მათი განცხადებები კი მედიამ შეცვალა.

მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტი ხალხის გადასახადებისგან შედგება და ხანდახან დამატებითი რესურსებია საჭირო, რომელსაც პაპუაშვილის განცხადებითვე, საჩუქრად არ ვიღებთ.

“საფრანგეთის ელჩის სიმართლეს ამბობს და მეც სიმართლეს ვამბობ. შუაში რატომღაც მედია ჩადექით, რომელიც ცდილობთ, რომ ხან მისი სიტყვები შეცვალოთ, ხან - ჩემი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამო რომ გავერკვეთ, საქართველოს განვითარება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენი ბიუჯეტი არის ქართველი ხალხის მიერ გადასახადების გადახდიდან შემდგარი ბიუჯეტი. არავისი ვალი კარგი გაგებით, არ მინდა დავაკნინო დახმარება, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში არ გვაქვს იმ მხრივ, რომ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ქმნის ამ დოვლათს. რა თქმა უნდა, ამ დოვლათის შექმნაში ხანდახან გვჭირდება დამატებითი რესურსები. ისევე როგორც თქვენ შეიძლება ბინა, მანქანა გაქვთ სესხით ნაყიდი, ზოგი ტელეფონსაც კი სესხით ყიდულობს. ამ ფინანსურ რესურსებს ხანდახან ჩვენი ახლობლები გვჩუქნიან ხოლმე, ან ვიღაც სესხად გვაძლევს. უნდა განასხვაოთ გრანტი, რომელიც იმის შედეგია, რომ გარკვეულ მიმართულებებში ვთანამშრომლობთ, ესეც არაა ნაჩუქარი და არის სესხი, რომელსაც ვაბრუნებთ”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გააძლიეროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია. სწორედ ელჩის ამ განცხადებაზე კომენტირებისას თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომ საქართველო საფრანგეთისგან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას არ იღებს.

თავის მხრივ, საფრანგეთის საელჩომ საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საელჩოს მონაცემებით, 2012 წლიდან საქართველომ საფრანგეთისგან 945 მილიონი ევრო მიიღო, რომლის უდიდესი ნაწილი, 724 მილიონი ევრო, საბიუჯეტო სესხებია. უფრო დეტალურად, თანხები ასე ნაწილდება:

  • ენერგეტიკა - 415 მლნ ევრო;
  • სოციალური დაცვა - 201 მლნ ევრო;
  • კერძო სექტორი - 185 მლნ ევრო;
  • სასმელი წყალი და წყალარინები - 95 მლნ ევრო;
  • სარწყავი სისტემა - 49 მლნ ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები