საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება წინასწარ არ საუბრობს იმ ზომებზე, რომლებსაც მიიღებს იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის მხრიდან სანქციების სახით „ქართველ ხალხზე თავდასხმა“ გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერის განცხადების განმარტებას ითხოვდა. „ნიშნავს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივი გადახედვა ელჩის გამოწვევას კონსულტაციებისთვის?“ - მიმართა ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობის „არასწორ ტრაექტორიას“ შეცვლის.
„ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ იმ ზომებზე, რომლებსაც მივიღებთ იმ შემთხვევაში თუ კი გაგრძელდება ქართველ ხალხზე თავდასხმა ასეთი სახით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის არასწორი ტრაექტორია შეიცვლება, დაუბრუნდება სამართლიან კალაპოტს და ამ სახით არ იქნება, რაც პირდაპირ ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმაა, როდესაც მათთვის დაცვის უფლების ჩამორთმევით, სამართლიანი სასამართლოს უფლების ჩამორთმევით, მტკიცებულებების ნახვის უფლების ჩამორთმევით, გამჭვირვალე პროცესის უფლების ჩამორთმევით ამ ადამიანების ამოშლა ხდება სისტემიდან.
რაც შეეხება ამ სანქციებს, თქვენ ხომ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ერთ ოთახში, ერთ ღილაკზე დაჭერით თურმე შეუძლიათ საფინანსო სისტემიდან გააქრონ ინდივიდი. ალბათ, ეს ფილმებში გვინახავს ვიღაცის იდენტიფიკაციას და პირადობას რომ აქრობენ ხოლმე სპეცსამსახურები. ფაქტობრივად, ამას ეუბნებიან იმ ადამიანს, რომ შენ ბანკებს ჩამოგაცილებთ საერთოდ, ოღონდ ისე რომ ბრალსაც არ წაგიყენებ, მტკიცებულებებს არ გაჩვენებ, სასამართლოც არ იქნება... მე მინდა და ასე იქნება. ამაზე პირში წყალი აქვს ჩაგუბებული სამოქალაქო საზოგადოებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.