მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 83% არსებული კომპანიების რეინვესტიციებზე მოდის

ჰანიველ ცემენტი

საქსტატმა 2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ეს მთლიანად საინვესტიციო ნაკადის 83%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, 2024-ში რეინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების 86%-ს შეადგენდა, 2023-ში კი 83%-ს.

რაც შეეხება FDI-ს სხვა კომპონენტებს, ესენია ინვესტორების მხრიდან სააქციო კაპიტალის შენატანები. 2025 წელს სააქციო კაპიტალის შენატანები 602 მილიონ დოლარს შეადგენდა. კიდევ ერთი კომპონენტია სავალო ვალდებულებები - ეს კომპონენტი მოიცავს როგორც უცხოელი დამფუძნებლებისგან ვალის აღებას; ასევე ვალის დაფარვას; ასევე ქართული კომპანიის მიერ უცხოურ დამფუძნებელზე ვალის გაცემას. შესაბამისად, ეს კომპონენტი შეიძლება იყოს დადებითი, ასევე უარყოფითი იმის მიხედვით თუ რომელი ჭარბობს - შემომავალი თუ გამსვლელი სავალო ნაკადები. 2025 წელს სავალო კომპონენტი მინუს 311 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად ეს ნიშნავს რომ ქართულმა კომპანიებმა მათ უცხოურ დამფუძნებლებზე და აქციონერებზე 311 მილიონი დოლარით მეტი სავალო სახრსები გასცეს ვიდრე მიიღეს. შედარებისთვის, 2024 წელს ეს კომპონენტი მინუს 299 მილიონი დოლარის ტოლი იყო, 2023 წელს კი მინუს 906 მილიონი დოლარი. თუმცა 2022-ში ის პლიუს 244 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ნიშნავს რომ წლის განმავლობაში სესხების სახით კომპანიებმა მათი აქციონერებისგან მეტი სახსრები მიიღეს, ვიდრე გასცეს.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია, საქსტატი ამ ინფორმაციას არ გასცემს თანხების მითითებით, ხოლო მოწოდებული ინფორმაცია რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული. კომპანიების ათეულში რომლებშიც გასულ წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო შედიან კომპანიები საფინანსო; ენერგეტიკის; ლოგისტიკის; ტრანსპორტის; მძიმე მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებიდან.

კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო 2025 წელს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული)

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი – დამმუშავებელი მრეწველობა – ნიდერლანდები
  • შპს მაგთიკომი – ინფორმაცია და კომუნიკაცია – აშშ
  • შპს თბილისი ენერჯი – ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – მარშალის კუნძულები
  • შპს ტავ ურბან საქართველო – ტრანსპორტი და დასაწყობება – გაერთიანებული სამეფო / თურქეთი
  • შპს ქართული ცემენტი – დამმუშავებელი მრეწველობა – ნიდერლანდები
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – მალტა
  • შპს აკვალია საქართველო – წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – ესპანეთი
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – აშშ
  • სს ბიჯეო ჯგუფი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – გაერთიანებული სამეფო
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი – ტრანსპორტი და დასაწყობება – აზერბაიჯანი.

რაც შეეხება უფრო დეტალურად, FDI-ის სტატისტიკას, სექტორების მიხედვით, პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, მეორე პოზიციას იკავებს უძრავი ქონება, მესამე ადგილზე კი ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორია. უფრო დეტალურად ინვესტიციები ასე ნაწილდება:

სექტორები, რომლებშიც 2025 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:

  1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 607 მილიონი დოლარი, ზრდა 5%;
  2. უძრავი ქონება — 185.7 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
  3. ტრანსპორტი — 166.1 მილიონი დოლარი, ზრდა 58%;
  4. დამმუშავებელი მრეწველობა — 161.3 მილიონი დოლარი, კლება 12%;
  5. ინფორმაცია და კომუნიკაცია — 115.2 მილიონი დოლარი, ზრდა 77%;
  6. მშენებლობა — 95.7 მილიონი დოლარი, ზრდა 555%;
  7. ვაჭრობა — 52.1 მილიონი დოლარი, კლება 68%;
  8. ხელოვნება, გართობა და დასვენება — 49.7 მილიონი დოლარი, ზრდა 78%;
  9. განათლება — 11.7 მილიონი დოლარი, კლება 35%;
  10. სოფლის მეურნეობა — 4.2 მილიონი დოლარი, კლება 158%.
  11. დანარჩენი სექტორები — 239.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები