საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო 9 დათქმის შესრულების ვადები და პროგრესი ქართულ პოლიტიკურ ელიტაზეა დამოკიდებული და არა - ბრიუსელზე. ჰერჩინსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველა აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მოპოვებას. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა 14 დეკემბერს მიიღეს და მასთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის მეთაურებმა დაამტკიცეს 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესისთვის უნდა გადადგას.
საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შესრულდება ეს 9 პუნქტი. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად წავიწიოთ წინ, რათა საქართველომ ახალ, მოლაპარაკებების ეტაპზე გადაინაცვლოს. თუმცა ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული - ეს არაა არც ევროკავშირის და არც - ბრიუსელის - ხელში. ვიმეორებ, რომ ეს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზეა დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინკლუზიური მუშაობა ყველა მხარესა და პარტიას მოიცავს, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული და სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში სრულად ჩაერთვება”, - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
ელჩის თქმით, ახალარჩეული პრემიერის პირველი განცხადება იმედის მომცემია, რომ ახალი მთავრობა მზადაა, ამ მხრივ მუშაობა გააგრძელოს.
“ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი განცხადებები იმედის მომცემია, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომდევნო კვირიდან ამოქმედდება, მზად არის დაჯდეს და ჩვენთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით, იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველომ 9 პუნქტის შესასრულებლად წინ წაიწიოს”, - ამბობს ჰერჩინსკი.