მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს

კონფერენცია
BM. GE
18.10.23 19:29
54

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ - ირაკლი შოთაძემ 2023 წლის 24 ოქტომბერს 10:00 საათზე საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია.

საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არსებობს საპროკურორო საბჭო.

"პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი.

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია ირჩევს, რომელთა მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უწყდება უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს წევრს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.

2023 წლის 18 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს 5 პროკურორ წევრს 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება. შესაბამისად, 2023 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 5 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით:

• საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა N3 კვოტაზე

• აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენლებთა N4 კვოტაზე

• აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული-ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა N5 კვოტაზე

• აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული-ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა N6 კვოტაზე

• დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო -ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა N 8 კვოტაზე

პროკურორთა კონფერენციის მოწვევის შემდეგ პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ქმნიან არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფებს და კვოტების მიხედვით საპროკურორო საბჭოს წევრობის არანაკლებ ორ კანდიდატს და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატს წარუდგენენ პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარეს. ვაკანტური კვოტების მიხედვით კონფერენციის მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ კონფერენციის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტისა.

საპროკურო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორი.

2023 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ 2015 წლის 19 ოქტომბერს დამტკიცებულ კონფერენციის რეგლამენტში ფარული კენჭისყრით ცვლილებების შეტანაც.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის ღია და მისი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულნი არიან მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციის აკრედიტაციის მისაღებად, შესაბამისმა ორგანიზაციებმა წერილობითი განცხადებით უნდა მომართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის კანცელარიას, ან გამოგზავნონ განაცხადი საქართველოს პროკურატურის ელექტრონულ ფოსტაზე presscenter@pog.gov.ge 2023 წლის 23 ოქტომბრის, 12:00 საათამდე.