დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მასშტაბური სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 4 პირი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრო-რუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ.
დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.
"ამას გარდა, (რედ. - საუბარია ხაზინის სანქციებზე) სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს დამატებით ნაბიჯებს, რომ დაწესდეს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველ პირსა და მათი ოჯახის წევრებზე - ვინც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ამ პირებს შორის არიან მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად; ბიზნესების ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში; პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ახალისებდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; სამართალდამცველები, რომლებიც ჩართული იყვნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც კრიტიკული როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონის დაწინაურებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში". - წერია სახდეპის განცხადებაში.
ეს აშშ-ის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ სანქცირების ყველაზე დიდი პაკეტია.
წინა პაკეტი, რომელიც 24 მაისს გამოცხადდა მხოლოდ სავიზო სანქციებს შეიცავდა და მასში რამდენიმე ათეული ადამიანი და მათი ოჯახის წევრები მოხვდნენ, რომლებიც რუსული კანონის მიღებაში, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობასა და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.
აღნიშნულის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დახმარებაც შეაჩერა.
როდის დაიწყო აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების სანქცირების კამპანია:
2023 წლის 5 აპრილს სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ მოსამართლეები, რომელთაც აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. ეს სანქცია დაწესებულია აღმასრულებელი ბრძანება 7031(c)-ის ფარგლებში, რომლითაც აშშ ასანქცირებს მსოფლიოს გარშემო, მაღალი რანგის კორუფციაში ჩართულ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს. აღნიშნული სანქცია სავიზო შეზღუდვას მოიცავს და სანქცირებულ პირს აშშ-ში შესვლას უკრძალავს. აღნიშნული სანქციები მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს დაუწესდათ.
2023 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის დეპარტამენტის სანქციები დაუწესდა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. ფარცხალაძის სანქცირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მავნე საგარეო ქმედებების შეზღუდვისკენ მიმართული, აშშ-ის პრეზიდენტის აქტის (Executive Order 14024) ფარგლებში. აღნიშნული აქტს ჯო ბაიდენმა ხელი 2021 წლის 15 აპრილს მოაწერა და ის აშშ-ის ხაზინას აძლევს უფლებას, დაბლოკოს და გაყინოს ყველანაირი აქტივი, რომლებიც ამ აქტით სანქცირებულ პირებს აშშ-ში ეკუთვნით. შესაბამისად, ფარცხალაძეს არამხოლოდ აშშ-ში შესვლა აეკრძალა, არამედ აეკრძალა ამერიკული ფინანსური სისტემის მეშვეობით ნებისმიერი სერვისის მიღება და ტრანზაქციების განხორციელება. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდა ფარცხალაძის იმ კომპანიებზეც, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 2023 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. როგორც ცნობილია, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რუსულ პასპორტთან ერთად ახალი გვარიც მოიპოვა და ის ამჟამად ოთარ რომანოვია.
2024 წლის 24 მაისსა და 2024 წლის 16 სექტემბერს დაწესებული სავიზო სანქციები შეეხოთ ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ჩართულ პოლიტიკოსებს, სავარაუდოდ კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს. აღნიშნული სანქცირება განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანება 13818-ის ფარგლებში, რაც გლობალურად ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში ჩართული პირების სანქციებისთვის მიღებულ ბრძანებას წარმოადგენს. აღნიშნული ბრძანება სანქცირებულთა ვინაობის გასაჯაროებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, უცნობია თუ ვის აეკრძალა ამ სანქციით აშშ-ში შესვლა.
შესაბამისად, სანქცირებულთა ჩამონათვალი ასეთია:
სავიზო სანქციები: 2023 წლის 5 აპრილს დაუწესდა 5 მოსამართლეს, 2024 წლის 24 მაისს დაუწესდა რამდენიმე ათეულ პირსა და მათი ოჯახის წევრებს, 2024 წლის 16 სექტემბერს დაუწესდა 60 პირს და მათი ოჯახის წევრებს.
ფინანსური სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის: 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესდა ოთარ ფარცხალაძეს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს.
ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში: 2024 წლის 16 სექტემბერს დაუწესდათ შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს (ხარებას) და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს, ასევე პრო-რუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.