ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას ეხმიანება. პაპუაშვილის განცხადებით, სახდეპი ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან იფუჭებს ურთიერთობას, როგორიც საქართველოა.
"ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.
მეორე, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორ ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გაუგებარი და აზრს მოკლებულია ადმინისტრაციის პოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ მათ სანქციების მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში არცერთხელ გამოუყენებიათ.
"ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო. ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს, არც ერთი არა თუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ. ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილის განცხადებით, მთავრობა იმედს იტოვებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედების შემდეგ, ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა კვლავ იქნება.
"სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდად წააგო არჩევნები, ცდილობს, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მომავალი ადმინისტრაცია შეუდგება ფუნქციონირებას, ისინი გადააფასებენ ყველაფერს და იქნება შესაძლებლობა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ გეგმავს დამატებითი სანქციების დაწესებასაც.
მანამდე, 30 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიზეზი კონსტიტუციისა და ქართველი ერის ევროპული მისწრაფებების უგულებელყოფა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესებია.