პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ პროცესში თბილისის ფინანსური სამიტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მჯერა, სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამიტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.
"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო რიგით მეორე, თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც საქართველოსთან ერთად მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი. დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაურბა საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდაზე, ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარებაზე, რასაც მისი თქმით, ხელს უწყობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ინიციატივები.
"ბოლო წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო და სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების წესი.
შედეგად, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი. ასევე, დაინერგა ღია ბანკინგი და შეიქმნა ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩო, რომლის საფუძველზეც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს. მათგან ერთი სინგაპურული ინიციატივით დაფუძნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, განახლდა საგადახდო სისტემებიც, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ფინტექ კომპანიებს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად, ეროვნული ბანკის ჩართულობით, ვითარდება რეგიონული ტრანსსასაზღვრო გადახდების პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ფინანსურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მივესალმებით ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების აქტიურ თანამშრომლობას. ეს ნაბიჯები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში თანამედროვე, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
























