საქართველოს რკინიგზით ტარიფებით უკმაყოფილო სომხეთი აზერბაიჯანს ქვეყნებს შორის პირდაპირი გადაზიდვების უზრუნველსაყოფად სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს. ამის შესახებ მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის წინასწარი ღირებულება შედარებით მაღალ და არაკონკურენტუნარიან ფასად მიიჩნეოდა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
ერთ მხარეს საქართველოს სარკინიგზო კომპანიაა, ხოლო მეორე მხარეს - კომპანიები, რომლებსაც მარცვლეული ან ბენზინი შემოაქვთ. ბუნებრივია, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები და საუკეთესო ვარიანტი გამონახონ“, - განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა და აღნიშნა, რომ თავად ამ საკითხებით არ არის დაკავებული.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ტვირთების გადაზიდვის ალტერნატივაზეც ისაუბრა: „ჩემი აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის გასახსნელად ახლა ძალიან კარგი დროა, რათა სომხეთის საზღვრამდე რკინიგზით მისული ტვირთები, იქიდან მულტიმოდალური გზით სატვირთო მანქანებში გადაიტვირთოს და სომხეთ-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით იყოს მიწოდებული. ვფიქრობ, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში არ არსებობს გარემოებები, რომლებსაც ამისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამისთვის ბიზნესიც მზადაა“.
ცნობისთვის, მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ 23 დეკემბერს პირველად, სომხეთში საქართველოს გავლით საწვავით დატვირთული პირველი აზერბაიჯანული მატარებელი ჩავიდა.
საუბარია 1,300 ტონა A95 ტიპის ბენზინზე, რომლის ტრანსპორტირებაც 22 ვაგონისაგან შემდგარი მატარებლით განხორციელდა. როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა მაშინ თქვა, აზერბაიჯანული მატარებელი საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ აირუმში გაჩერდა, სადაც საწვავი რკინიგზის სადგურზე ჩამოტვირთა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დამყარების პირველ სიმბოლოდ იქცა.
საქართველოს გავლით აზერბაიჯანული მატარებლის სომხეთში ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვა და ტარიფი ერთჯერადად გააუქმა.
თუმცა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს რკინიგზის ტარიფებზე უკმაყოფილება არ დამალა და 18 დეკემბერს განაცხადა: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების შემდგომი გადაზიდვის ნაწილში ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ტარიფებს ეხება... თუ საკითხები არ დარეგულირდება, ვიმედოვნებ ბიზნესი იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად ლოგიკურად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ“.




























