მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია 36 ქვეყანაში იმოქმედებს - როდის მივუერთდებით EU-ის სატრანზიტო სისტემას?

ტრანზიტი

წლის ბოლოდან კომპანიებს შესაძლებლობას მიეცემათ, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული სატრანზიტო დოკუმენტაციით და გარანტიით, ტვირთი შეუფერხებლად 36 ქვეყანაში გადაზიდონ.

ამის საშუალებას ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა (NCTS) იძლევა, რომლის მეშვეობით საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის ოპერაციების განხორციელება 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან იგეგმება. ამის შესახებ DCFTA-იზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული.

ამ სისტემის დანერგვა ევროკავშირის ერთიანი ტრანზიტის პროცედურის შესახებ (CTC) და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების შესახებ (SAD) კონვენციებთან მიერთებას უკავშირდება.

შედეგად, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული სატრანზიტო დოკუმენტაცია და გარანტია, იმოქმედებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის, „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნების (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) და თურქეთის, სერბეთის, მაკედონიის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით. გადამზიდავები ვალდებული აღარ იქნებიან, განმეორებით მოიპოვონ გარანტია ან ტრანზიტის ქვეყნის საბაჟოსთვის გააფორმონ დამატებითი დოკუმენტები.

საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილია. ეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს საბაჟო ფორმალობები, მონაწილე ეკონომიკური ოპერატორებისთვის სხვადასხვა შეღავათების შეთავაზების გზით. 2014 წლიდან საქართველო მუშაობს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის დანერგვაზე. 2021 წლიდან განხორციელდა პროგრამის პრაქტიკული იმპლემენტაცია და დაკმაყოფილდა ევროკომისიის მიერ მოლაპარაკების დაწყებისთვის განსაზღვრული საბაზისო პირობები. სამინისტროს პრეზენტაციის მიხედვით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები საქართველოსა და ევროკავშირის შორის AEO-ს ურთიერთ-აღიარების საკითხზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები