საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების მაჩვენებელი კვლავ ზრდის ტენდენციით ნარჩუნდება. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსმა 9,271,657-ს მიაღწია, რაც 21.7%-ით აღემატება წინა, 2024 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელს (7,617,008-ს).
იმპორტი იზრდება, ექსპორტი მცირდება
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსში კვლავ დისბალანსია: იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა და 5,343,454,000 დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც ექსპორტი 1,773,677,000-დან 1,582,757,000 დოლარამდე შემცირდა. ასეთივე ტენდენცია იკვეთება ფულადი ნაკადების მიმართულებით, რომლებიც თითქმის გაორმაგდა (729,364,000-დან 1,333,462,000 დოლარამდე), მაშინ როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის ორჯერ შემცირდა (367,482,000-დან 179,384,000 დოლარამდე).
მთავარი სავაჭრო პარტნიორები – ევროპა, რუსეთი და თურქეთი
ანგარიშში ცალკე გამოყოფილია ძირითადი სავაჭრო პარტნიორები:
-
ევროკავშირი: ევროკავშირიდან იმპორტი შემცირდა, თუმცა ექსპორტი მცირედით გაიზარდა (183,278,000-დან 185,217,000-მდე). მიუხედავად ამისა, ევროკავშირი კვლავ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას საქართველოს პარტნიორებს შორის, ინდექსის 18.3%-ით წილით.
-
რუსეთი: რუსეთთან ურთიერთობებში ფულის ნაკადის მკვეთრი ზრდა (83,509,000-დან 643,026,000-მდე) ფიქსირდება, თუმცა შემცირებულია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. ექსპორტი 18%-ით დაეცა, ხოლო იმპორტი – 4.2%-ით. მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობისა, რუსეთი კვლავ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
-
თურქეთი: თურქეთთან ვაჭრობაში კლებაა როგორც იმპორტის (24%-ით), ისე ექსპორტის (32%-ით). მიუხედავად ამისა, ფულის ნაკადმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა (20-ჯერ გაიზარდა), რაც ეკონომიკურ ურთიერთობებში გარკვეულ პოზიტიურ სიგნალად მიიჩნევა.
აზიის ქვეყნების ცვალებადი დინამიკა
-
ჩინეთი: ჩინეთთან ურთიერთობებში იმპორტისა და ექსპორტის შემცირება ფიქსირდება, თუმცა უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა.
-
იაპონია: იაპონიიდან იმპორტი შემცირდა, თუმცა ექსპორტმა და ფულმა ნაკადმა მცირე ზრდა აჩვენა. უცხოური ინვესტიციები კი მნიშვნელოვნად შემცირდა.
-
ირანი: ირანიდან ვაჭრობა და ინვესტიციები თითქმის ნულამდეა დაყვანილი, რაც ურთიერთობების მკვეთრ შესუსტებაზე მიუთითებს.
მეზობელი ქვეყნებთან ურთიერთობები
-
აზერბაიჯანი და სომხეთი: ორივე მეზობელთან ვაჭრობა შემცირებულია, თუმცა აზერბაიჯანიდან უცხოური ინვესტიციები იზრდება, სომხეთიდან კი – კლებულობს.
-
ყაზახეთი: ყაზახეთთან იმპორტი და ინვესტიციები გაიზარდა, თუმცა ექსპორტში და ტურიზმიდან შემოსავალში კლება ფიქსირდება.
აშშ და დიდი ბრიტანეთი – შერეული სურათი
აშშ-დან იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი და ფულადი ნაკადი მცირედით შემცირდა. ინვესტიციები ამერიკიდან კვლავ ზრდის ტენდენციით რჩება.
გაერთიანებული სამეფოდან იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ინვესტიციები და ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ტურიზმის შემოსავლები იკლებს
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ტურიზმიდან შემოსავალი 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდა. საერთო მაჩვენებელი 2024 წლის IV კვარტალში 1,069,300,000-დან 2025 წლის I კვარტალში 832,600,000 დოლარამდე დაეცა.
ეკონომიკური დამოკიდებულება კვლავ მაღალია
დოკუმენტის დასკვნით, საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ მაღალია. ინდექსის მაჩვენებლის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა უცხოურ ეკონომიკურ პროცესებზე სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული. ინდექსის მოცულობა მშპ-ის 92%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ღიაობის მაჩვენებელია.
ამ ფონზე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო ეკონომიკური სტრატეგია უფრო დივერსიფიცირებული უნდა გახდეს, რათა ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს გარე შოკების მიმართ.




























