„საქართველოს საგარეო კურსი ისეთი საკითხია, რაზედაც ეჭვი არ უნდა არსებობდეს“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შენგელიამ განაცხადა.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- პროფესიონალიზმი. ჩვენ გვჭირდება მეტი პროფესიონალი ადამიანი - არ შეიძლება, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე იყოს ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.
- სად უფრო ჭარბობს ასეთი ხალხი?
- ცოტ-ცოტა ყველგან... ზოგადად, საქმის ცოდნა, დიდი იშვიათობაა კერძო სექტორშიც და სახელმწიფო სექტორშიც, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ხსნა, ჩვენი გადარჩენა არის უფრო ხარისხიანი განათლების მიღებაში; მნიშვნელოვანია, ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც საზღვარგარეთ მაღალი ხარისხის განათლების მიღებას ახერხებს, დაბრუნდეს საქართველოში.
- დიახ... და არა პირიქით, რომ ვინც აქ არის, მათაც წასვლაზე არ იფიქრონ.
- ჩვენი გამოწვევები ცალსახად ცოდნასთან არის დაკავშირებული.
- #წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- ნებისმიერი ქვეყნისთვის ეფექტიანი მართვა არის მართვა ინტერესების კონფლიქტის და კორუფციის გარეშე და თუ სადმე ასეთი ელემენტები არის დარჩენილი, აუცილებლად წერტილი უნდა დავუსვათ. ჩვენი პოლიტიკური კურსი მიმართული უნდა იყოს დასავლეთისკენ. არ უნდა არსებობდეს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომელი მიმართულებით არის ჩვენი მომავალი განსაზღვრული.
- საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რაც „რუსული კანონის“ მიღებამ მოიტანა, ბიზნესს რას გიკორექტირებთ?
- ნებისმიერი ისეთი სახის ეჭვი, რომელიც ხვალ არასტაბილურ გარემოს გიქმნის, ყოველთვის გვიკორექტირებს გრძელვადიან გეგმებს.
- „რუსულმა კანონმა“ ეს „მოახერხა“?
- ეს {რუსული კანონი} არაა ჩვენი ერთადერთი პრობლემა. ამ კანონმა უბრალოდ ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოსახლეობაში. კანონის სიღრმეში შესვლაც კი არ იყო საჭირო, ვნახეთ, როგორი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა მას ჩვენი შვილების თაობისგან. საქართველოს საგარეო კურსი ისეთი საკითხია, რაზედაც ეჭვი არ უნდა არსებობდეს.