საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მათ შესაძლო გავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმებას გამოიწვევს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს გამთენიისას კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.




























