მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე სახდეპის ანგარიში საკმაოდ ობიექტურია - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ინფორმაცია ობიექტურია და მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს საიმედო პარტნიორი.

დავითაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს, საკმაოდ ობიექტურია. დადებითია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის შესახებ შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ის ძირითადი ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რეგიონისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით",- თქვა დავითაშვილმა.

მისი ინფორმაციით, საქართველომ ბოლო წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგში შეინარჩუნა და გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკურენტუნარიანობას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, ზოგადად კერძო სექტორის დახმარებას, ასევე კორუფციასთან ბრძოლას.

"ვფიქრობ, რომ ეს ყველა ობიექტური ინფორმაცია ანგარიშში ასახულია და არის მკაფიო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ვინარჩუნებთ მომავალ წლებშიც. ჩვენ გვექნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს გახდის და საბოლოოდ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები