დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება, - ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.
ჩინურის შემოტანას ზოგადი განათლების ახალი ხედვა ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი ხედვა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან გუშინ განიხილა. თავად დოკუმენტი ჯერ ხელმისაწვდომი არაა. როგორც bm.ge-ის განათლების სამინისტროში განუცხადეს, ჯერ ახალი ხედვის განხილვა მიმდინარეობს და ის მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საბოლოო დოკუმენტი მომზადდება.
"იმ სკოლებში, სადაც მოთხოვნა იქნება ჩინური ენის სწავლებაზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ სწავლებას", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 2023 წელს მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტისას, ხელი მოაწერა ჩინურ მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ.
“მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის”, - განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა.




























