მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს იწყებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-7 ივლისამდე ჩაატარებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალეკსანდრ ჯიკიჩის გადაწყვეტილებით ტურნირზე შემდეგი 12 კალათბურთელი იასპარეზებს:

ალექსანდრე ფევაძე, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, ჯო ტომასონი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი თამაშებიდან მხოლოდ ეგვიპტეს მოუგო ანგარიშით 78-46, ხოლო კამერუნთან (67-66) და იტალიასთან (79-68) დამარცხდა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 12 საკალათბურთო ნაკრები იასპარეზებს, საიდანაც 8 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია, ხოლო დანარჩენი 4 საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, მათ შორის საქართველო.

ჩვენი ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები გვეყოლება. ჯგუფის პირველ და მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით B ჯგუფის პირველ ორადგილოსანს დაუპირისპირდება, რომელთა შორისაც ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო არიან. მათ შორის გამარჯვებული კი ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 2 ივლისს ლატვიის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს, ხოლო 4 ივლისს 16:30 საათზე ფილიპინებს დაუპირისპირდება. ნახევარფინალური მატჩები 6 ივლისს, ხოლო ფინალი კი 7 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

მატჩები რიგაში არსებულ Riga Arena-ზეა დაგეგმილი, რომელიც 11 200 ადამიანს იტევს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ბადის გამარჯვებული ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქეებად საფრანგეთი, იაპონია და გერმანია ეყოლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები