“ქართული საკლუბო საზოგადოება “უცხოელი აგენტების” შესახებ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ მასობრივ პროტესტს შეუერთდა”, - ამის შესახებ მუსიკალური ონლაინ ჟურნალი Resident Advisor-ი წერს, რომელიც თბილისში მოქმედი ღამის კლუბების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
“თბილისის წამყვანმა კლუბმა “ბასიანმა” გასულ კვირას, 11 მაისს Instagram-ზე დაადასტურა, რომ მისი დამფუძნებლები და თანამშრომლები იმ დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდებოდნენ. აღნიშნული პოსტი მმართველი პარტია “ქართულ ოცნების” მიერ “ლეგიტიმურობის დაკარგვაზე” მიუთითებდა და მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმას აკრიტიკებდა”, - წერს RA.
Resident Advisor-ი კლუბ Left Bank-ის თანადამფუძნებელ, გაჩა ბაქრაძეს ესაუბრა, რომელმაც ონლაინ ჟურნალთან აღნიშნა, რომ საქართველოში გასული თვე რთული აღმოჩნდა: “მოვლენების ასეთი განვითარება გულის გამაცრუებელია. გუშინ დილიდან ამ დრომდე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ჩემი მეგობარია”.
Resident Advisor-ის სტატიაში მოხვდა ქართული კლუბების, მათ შორის Left Bank-ის, TES-ის, Ravegram-ის, BASSIANI-სა და KHIDI-ს განცხადებები.
“ქართველმა პოლიტიკოსებმა კანონპროექტის მიღებას მხარი დღეს (14 მაისს) დაუჭირეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც კანონპროექტის განხილვისას “ქართული ოცნების” წევრებსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი ჩანს. პარალელურად, ათასობით მომიტინგე პარლამენტის შენობის გარშემო იყო შეკრებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკლუბო სცენა “ქართული ოცნების” მიერ სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვას დაუპირისპირდა. გასულ თვეს, კლუბებმა და პრომოუტერებმა LGBTQIA+-ის უფლებათა შემზღუდველი კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს. Eau De Cologne-მა RA-სთან გაგზავნი განცხადებაში კანონპროექტი “ინსტიტუციური ჰომოფობიის” ნათელ მაგალითად შეაფასა”, - ვკითხულობთ Resident Advisor-ის სტატიაში.