მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა თებერვალში ₾200 მილიონით, ₾8.7 მილიარდამდე გაიზარდა

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა გასულ თვეში 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 8.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით საპენსიო ფონდის აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

თანხის უდიდესი ნაწილი - 8.6 მილიარდი ლარი კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული, ხოლო 110 მილიონი ლარი დინამიკურ და დაბალანსებულ საინვესტიციო პორტფელებში.

"საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28,882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი. თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია,

თებერვალში საპენსიო ფონდის პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენეს, რასაც ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ.

ყველაზე მაღალი, 1.57%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 1.32% და 1.15% შეადგინა.

დინამიკური პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით ლიდერობას აგრძელებს:

  • დინამიკური – 4.38%
  • დაბალანსებული – 3.41%
  • კონსერვატიული – 2.66%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 15.2%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.7% და 12.1%-ს შეადგენს.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა თებერვლის ბოლოსთვის 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.4 მილიარდ ლარს,"- ნათქვამია საპენსიო ფონდის ყოველთვიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები