საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, 52 წლის რიჩარდ კოკერილი დაინიშნოს, - ამის შესახებ ფრანგული სააგენტო L’Equipe წერს. მათი მტკიცებით, საქართველოს რაგბის კავშირი კოკერილთან მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს და მას ლევან მაისაშვილის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებს.
საუბარია ორწლიან კონტრაქტზე, თუმცა ამ ხანგრძლივობის კონტრაქტის დადება რთული წარმოსადგენია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი 2027 წელს ტარდება და 2025 წელს მოსამზადებელი ეტაპის შუაში მთავარი მწვრთნელის გაშვება არც თუ ისე ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
აღსანიშნავია, რომ რიჩარდ კოკერილი ბოლოს ფრანგულ “მონპელიეს” წვრთნიდა და თანამდებობა სულ ცოტა ხნის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა გუნდმა ზედიზედ 6 შეხვედრა დათმო. კოკერილი სხვადასხვა დროს “ლესტერში”, “ედინბურგში” და ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა “ბორჯღალოსნებმა” ჯგუფში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლეს.