მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირს 21%-იანი წილი უკავია - რას ვყიდით/ვყიდულობთ EU-ში?

EU

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი წლიურად 8.5%-ით, 1 მილიარდ 632 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მაჩვენებელი 4 თვის ჭრილში ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 4 თვის მონაცემებით, 21%-იანი წილი უკავია.

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2025 წლის 4 თვეში ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  1. გერმანია - $390 მლნ;
  2. ბულგარეთი - $177.9 მლნ;
  3. იტალია - $162.8 მლნ;
  4. ნიდერლანდები - $117 მლნ;
  5. რუმინეთი - $114 მლნ;
  6. საფრანგეთი - $112 მლნ;
  7. პოლონეთი - $106.7 მლნ;
  8. ესპანეთი - $93.5 მლნ;
  9. ჩეხეთი - $60.9 მლნ;
  10. ბელგია - $59.7 მლნ;

ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მცირე ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი იანვარ-მარტის განმავლობაში საქართველოს ესტონეთთან, ირლანდიასთან, კვიპროსთან, მალტასთან და ლუქსემბურგთან უფიქსირდება.

საქართველოსა და EU-ს შორის ვაჭრობის სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქონლის ყიდვა-გაყიდვაში, იმპორტს დიდი წილი უკავია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში ევროკავშირიდან საქონლის იმპორტი მხოლოდ - 2.2%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 370 მილიონი დოლარი შეადგინა.

რა ვიყიდეთ 4 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან:

  1. მსუბუქი ავტობილები - $226.6 მლნ;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $158 მლნ;
  3. მედიკამენტები - $102.7 მლნ;
  4. სატვირთო ავტომობილები - $46.7 მლნ;
  5. სატელეფონო აპარატები - $18.5 მლნ;
  6. 10 და მეტი კაცის გადამყვანი ავტომობილები - $16.6 მლნ;
  7. კოსმეტიკური საშუალებები - $16.4 მლნ;
  8. სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $16.3 მლნ;
  9. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $16 მლნ;
  10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $15.7 მლნ;

სავაჭრო ბრუნვაში მცირე ექსპორტის მიუხედავად, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ გაერთიანების ქვეყნებში საქონლის გაყიდვით 262 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 60.3%-ით აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ წელს ექსპორტის ზრდა სრულად ადგილობრივად წარმოებული საქონლის - ძვირფასი ლითონებისა და ასევე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ზრდით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მთლიან ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტზე [რეექსპორტის გარეშე] ძირითადი წილი მოდის, რამაც 2025 წლის 4 თვეში 232.4 მლნ დოლარი შეადგინა.

2025 წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $36.4 მლნ;
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $33.3 მლნ;
  3. ფეროშენადნობები - $28.1 მლნ;
  4. აზოტოვანი სასუქები - $22.3 მლნ;
  5. თხილის და სხვა კაკალი - $20.3 მლნ;
  6. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $12.2 მლნ;
  7. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $11.8 მლნ;
  8. შავი ლითონების მილები - $8.2 მლნ;
  9. ფანერა დაწებებული - $7.8 მლნ;
  10. საფრენი აპარატები - $7.1 მლნ;

ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი 10 წელზე მეტია, რაც გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 761.6 მლნ დოლარს, 2022 წელს მიაღწია, 2023 წელს 20%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 15.9% შეადგინა.

2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით ისტორიულ მაქსიმუმამდე 5.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი იმპორტის დამსახურებაა. საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი წილი სწორედ იმპორტზე მოდის, რომელიც გასულ წელს ექსპორტს 8-ჯერ აღემატებოდა.

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.7%-იანი წილი ჰქონდათ, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტში EU-ს წილი გაიზარდა და 27.2% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები