საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების დეკემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რეზერვების მოცულობა გასული თვის განმავლობაში 342.6 მილიონი დოლარით, 6.16 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ერთწლიან ჭრილში სავალუტო რეზერვების მოცულობა 38%-ით არის გაზრდილი.
რეზერვების მატებას ორი მთავარი ფაქტორი - სებ-ის მიერ დოლარის შესყიდვა და საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასის მატება განაპირობებს. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სებმა სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა. დეკემბრის შესყიდვების შესახებ კი ინფორმაციას სებ-ი 26 იანვარს გამოაქვეყნებს.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს (1,002.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და 502.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 თებერვალს გამოაქვეყნებს.




























