პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი.
ამის შესახებ მან პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ერთიანდება საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ.
„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - არავის წინააღმდეგ. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად თვალ-ყურს ვადევნებთ პოლტიკურ პროცესებს ქვეყანში. ჩემთვის და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი და სჭირდება ისეთი გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს, უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ და მათი ჩართულობით ქვეყანას შესთავაზოს სამართლიანი წესრიგი. ესაა ის სივრცე, რომელშიც შეგვეძლება ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.
სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ არ ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, როდესაც პარტიებს შორის კინკლაობა და ჩხუბი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ რაიმე პროგრესის მომტანია ქვეყნისთვის - არა. კარგ შემთხვევაში ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში კი ქვეყანა იხევს უკან. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ და ვერავინ გააკეთებს. ბევრი გვექნება საშრომი და გვექნება მძიმე გადაწყვეტილებებიც მისაღები. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, რათა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს მოქალაქეზე და სამშობლოზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკური გაერთიანების "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ დღეს თავისი გუნდის წევრები წარადგინა. მათ შორის არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი; ნათია მეზვრიშვილი;კახაბერ ქემოკლიძე; ანა ბუჩუკური; მიხეილ დაუშვილი; ბექა ლილუაშვილი; რუსუდან თევზაძე; ალექსანდრე მოწერილია; ბერდია სიჭინავა; შალვა კერესელიძე; კოტე ანანიაშვილი — აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი; გიგა ფარულავა; გიორგი გოგუაძე; ლევან დოლიძე; გიორგი აბაშიშვილი; ეკატერინე ვეფხვაძე; დავით ფარცვანია; ლაშა მარკოზაშვილი; ტატა ხვედელიანი; გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.




























