მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სტრატეგიული გაურკვევლობა და ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან ენერგეტიკული დაკავშირების პერსპექტივები

მურმან მარგველაშვილი

ბლოგი მომზადებულია ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის მიერ

საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილებები სათუოს ხდის მის როლს რეგიონულ სტრატეგიულ ენერგეტიკული პროექტებში, მათ შორის - ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის სტრატეგიული ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში. საქართველოს სტრატეგიული გაურკვევლობა უპირველესად შუა დერეფნის გასწვრივ ჩაფიქრებულ ენერგეტიკულ პროექტებზე აისახება.

ევროკავშირი, აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების დახმარებით, გლობალური ჭიშკრის (Global Gateway) სტრატეგიის ფარგლებში, ავითარებს ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს (TITR) - „შუა დერეფანს“. ის იქმნება როგორც რუსეთისგან დამოუკიდებელი ჩინური სარტყელი და გზის ალტერნატიული, ფასეულობებზე და მაღალ სტანდარტებზე დამყარებული სავაჭრო მარშრუტი, რამაც სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის ან თურქეთის გავლით შუა აზიის ქვეყნები ევროპასთან უნდა დააკავშიროს.

ნახ.1 შუა დერეფანი და მისი მარშრუტები. წყარო: https://middlecorridor.com/en/

ევროკავშირის და მონაწილე ქვეყნების სტრატეგიული ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების ინტერესები მჭიდროდ არის დაკავშირებული შუა დერეფნის ინიციატივით და მათ მრავალ ერთობლივ სარგებელს უქადის. ევროკავშირი მიისწრაფვის თავისი გავლენები გააფართოოს და მყარი წვდომა მიიღოს შუა აზიის მინერალურ რესურსებზე, მაშინ როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ საექსპორტო ბაზრებს, ჩინეთის და რუსეთის გავლენების დაბალანსების შესაძლებლობას. აზერბაიჯანისთვის ეს პროექტები ზრდის მის საკვანძო მნიშვნელობას და პოლიტიკურ წონას აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში.

ევროკავშირის მიდგომები და ინტერესები ცენტრალური აზიის მიმართ ასახულია მის რეგიონულ სტრატეგიის დოკუმენტში, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებებში შუა აზიის ქვეყნებთან. ამ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მიუთითებს 2025წლის აპრილში სამარყანდში ჩატარებული ერთობლივ სამიტი, სადაც ევროკავშირმა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და რეგიონული განვითარების პროექტებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი გამოაცხადა. 2025 წლის მაისში ევროკავშირმა ასევე გამოაქვეყნა შავი ზღვის სტრატეგია, სადაც მთავარი ყურადღება აქვს დათმობილი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ნაკადების უსაფრთხოებას, შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაცვას და ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობას.

სტრატეგიული ენერგეტიკული ინიციატივები

შუა დერეფნის მნიშვნელოვან შემადგენელი ნაწილია ასევე ენერგეტიკული კავშირები და ე.წ. მწვანე ენერგიის დერეფანი, რომლის კონცეფცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და რამაც უნდა მოიცვას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია, წყალბადი და მისი წარმოებულები, ხოლო პირველ ეტაპებზე ასევე შეიძლება ბუნებრივი გაზის გამტარი იყოს.. არსებობს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი რამდენიმე ენერგეტიკული ინიციატივა:

1. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSC) ფლაგმანური პროექტი (GSE, 2024), ხორციელდება აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის თანამშრომლობით და გულისხმობს 1.3 გიგავატი სიმძლავრის 1,150 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის (HVDC) წყალქვეშა კაბელით კავშირს საქართველოსა და რუმინეთს შორის შავი ზღვის ფსკერის გავლით. პროექტი შეძლებს 6–8 ტერავატსაათამდე განახლებადი ელექტროენერგიის გადაცემას საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, იგი ასევე უზრუნველყოფს ცვალებადი სიმძლავრის ბალანსირებას და ორმხრივ გადადინების. ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის ღირებულება 3.6 მილიარდი ევროა, თუმცა ეკონომიკური შეფასება მაინც დადებითია რადგან პროექტი ეყრდნობა საქართველოსა და რუმინეთში არსებული ელექტროგადამცემ ქსელებს და არ მოითხოვს მათ მნიშვნელოვან გაძლიერებას. შემდეგ ეტაპზე, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევამ უნდა გამოავლინოს კონკრეტული მარშრუტი. პროექტი მტკიცედ არის მხარდაჭერილი მონაწილე ქვეყნების მთავრობების მიერ და მიიღო ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერის დაპირება. იგი შეტანილია ევროპის ელექტროგადამცემი ოპერატორების გაერთიანების (ENTSO-E) ათწლიანი განვითარების გეგმაში და წარდგენილია ევროკომისიაში - ურთიერთდაინტერესების პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად. მოსალოდნელია, რომ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღება. ამ სტატუსის მიღება პროექტს გაუმარტივებს პროცედურებს და გაუხსნის წვდომას ევროკავშირის დაფინანსებაზე და მნიშვნელოვნად გაზრდის მის საინვესტიციო მიმზიდველობას. კასპიის მწვანე ენერგიის დერეფანი - ყაზახეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის. ერთობლივი ინიციატივაა, პროექტი მოიცავს 400 კმ სიგრძის HVDC წყალქვეშა კაბელის გაყვანას კასპიის ზღვის ფსკერზე ყაზახეთის აქტაუსა და აზერბაიჯანის ალათის ეკონომიკურ ზონას შორის. მისი მიზანია მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტი შუა აზიიდან სამხრეთ კავკასიაში. პროექტის 2.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და გათვლილია 2-გიგავატიანი სიმძლავრის გადაცემაზე. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება, რომელსაც მხარს უჭერენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკი (AIIB).


2.მიმდინარეობს უფრო ფართო მწვანე ენერგიის დერეფნის კონცეფციის შესწავლა, რაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს. ეს ითვალისწინებს 3,000 კმ სიგრძის HVDC სისტემის აშენებას 3.9 გიგავატიანი დაგეგმილი სიმძლავრითა და წელიწადში 30 ტერავატსაათის მწვანე ელექტროენერგიის გატარების უნარით; ასევე 17 ტერავატსაათი მწვანე წყალბადის ექსპორტს წელიწადში 2040 წლისთვის — ძირითადად აზერბაიჯანის ოფშორული ქარის ენერგიიდან და საქართველოს ჰიდროენერგიიდან. კვლევის წინასწარი შედეგები წარდგენილი იქნა COP29-ზე (CESI, 2024).

3.ცენტრალური აზიის უზარმაზარი თავისუფალი ტერიტორია და მზისა და ქარის მაღალი პოტენციალი ქმნის პრაქტიკულად შეუზღუდავი მოცულობის მწვანე ელექტროენერგიის, წყალბადის და ამიაკის წარმოებისა და გლობალურ ბაზრებზე ექსპორტის შესაძლებლობას. ეს განახლებადი რესურსი რეგიონში არსებულ მდიდარი წიაღისეულ მარაგებთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და მოითხოვს ევროკავშირისა თუ სხვა ბაზრებზე ექსპორტის არხებს. ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც შეეძლება როგორც წიაღისეული საწვავის, ასევე წყალბადისა და მისი წარმოებულების სტრატეგიული მოცულობების გადაზიდვა. (მ. მარგველაშვილი, 2024)

ნახ.2 ევროკავშირსა და შუა აზიას შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის შესაძლო პროექტები
წყარო: (M.Margvelashvili, 2024)


ამ პროექტებს შორის, შავი ზღვის კაბელი განვითარების ყველაზე მაღალ ეტაპზეა და შეიძლება ერთგვარი ლოკომოტივად და გზის გამხსნელად ჩაითვალოს დანარჩენი პროექტებისთვის. სამხრეთ კავკასიის გავლით ევროკავშირის და ცენტრალურ აზიის ენერგეტიკული დაკავშირების პროექტები დამოკიდებულია ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების მრავალფეროვანი და რთული პირობების ერთობლიობაზე. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მრავალი გარემოების თანხვედრა რომელთა შორის არის: მჭიდრო პარტნიორობა და სტრატეგიული ინტერესების თანხვედრა, ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, პოლიტიკური სტაბილურობა, კერძო სტრატეგიული ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობა და უსაფრთხოების გარანტიების მიღება; ასეთ თანხვედრას ჰქონდა ადგილი სამხრეთ გაზის დერეფნის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების განხორციელებისას საქართველოს ტერიტორიაზე. ახალი პროექტებისთვის ასეთი თანხვედრის მიღწევა უდიდეს ძალისხმევას და კოორდინაციას მოითხოვს. თუმცა, ამ თვალსაზრისით საქართველოს სტრატეგიული გაურკვევლობა შეიძლება გახდეს ჯაჭვის სუსტი რგოლი, რომელიც ახალ ენერგეტიკულ პროექტების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის.

სტრატეგიული ინტერესების თანხვედრა, ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, პოლიტიკური სტაბილურობა, კერძო სტრატეგიული ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობა და უსაფრთხოების გარანტიების მიღება; ასეთ თანხვედრას ჰქონდა ადგილი სამხრეთ გაზის დერეფნის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების განხორციელებისას საქართველოს ტერიტორიაზე. ახალი პროექტებისთვის ასეთი თანხვედრის მიღწევა უდიდეს ძალისხმევას და კოორდინაციას მოითხოვს. თუმცა, ამ თვალსაზრისით საქართველოს სტრატეგიული გაურკვევლობა შეიძლება გახდეს ჯაჭვის სუსტი რგოლი, რომელიც ახალ ენერგეტიკულ პროექტების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის.

აქ შესაძლებელია სამი განსხვავებული განვითარების სცენარის წარმოდგენა:


1. საქართველოს დაბრუნება დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს „შუა დერეფნის“ და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSC) პერსპექტივებს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები სათანადოდ იქნება გათვალისწინებული.
2. ავტორიტარული მმართველობის გაგრძელებისა და რუსეთის არაფორმალური გავლენების გაძლიერების შემთხვევაში, პროექტები შესაძლოა ფორმალურად გაგრძელდეს, თუმცა გაიწელოს ვადებში და შეექმნას დაბრკოლებები გარე თუ შიგა ინტერესების გავლენით, მსგავსად რკინიგზის და პორტების განვითარების პროექტებისა. ამან შეიძლება დააკარგვინოს ინტერესი საერთაშორისო პარტნიორებს და ინვესტორებს და მათ ძალისხმევა მიმართონ დერეფნის სამხრეთულ, ალტერნატიულ მარშრუტებზე, საქართველოს გვერდის ავლით.
3. რუსეთთან ღია დაახლოების შემთხვევაში, საქართველო ფაქტობრივად დაკარგავს სუვერენული და რუსეთისგან დამოუკიდებელი სატრანზიტო პარტნიორის სტატუს, რაც „შუა დერეფნის“ სტრატეგიის გადახედვას გამოიწვევს სამხრეთის მიმართულების სასარგებლოდ.


საქართველოს პოლიტიკურ გაურკვევლობას და სტრატეგიულ მერყეობას თან ახლავს სერიოზული რისკები, რაც ასუსტებს მისი, როგორც რეგიონულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინიციატივებში სანდო პარტნიორის როლს. მსგავსი ვარიანტები სავარაუდოდ უკვე განიხილება მწვანე ენერგეტიკული დერეფნით დაინტერესებულ ქვეყნებში და გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე. აქ ინდიკატორი იქნება შავის ზღვის კაბელის პროექტი. მისი წარმატება გზას გაუხსნის სხვა პროექტებს, ხოლო წარუმატებლობა კი აჩვენებს საქართველოდან შავი ზღვის გავლით ევროპასთან ენერგეტიკული კავშირების უპერსპექტივობას.

განხილვა და დასკვნები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები შუა დერეფნისადმი კვლავ ძლიერია, მისი სტრატეგიული გაურკვევლობა და მმართველობის ხარისხი ზრდის შუა დერეფნის TITR-ის პროექტების რისკებს. მოცემული პოლიტიკური გაურკვევლობა განსაკუთრებით აისახება რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე. მართლაც, განსხვავებით მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნებისგან, რომელიც შეიძლება ეტაპობრივად, განსხვავებულ მონაკვეთებზე, სხვადასხვა აქტორების მიერ განვითარდეს, ენერგეტიკული მილსადენები და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები მოითხოვს ერთიან მასშტაბურ გადაწყვეტებს, დიდ ინვესტიციებს, გრძელვადიან ხელშეკრულებებს და ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ისინი მეტად მოწყვლადია უსაფრთხოების, მიწის გამოყენების და გარემოსდაცვითი რისკების მიმართ. გარე გავლენით ან შიგა ინტერესებით გამოწვეულმა ადმინისტრაციულმა დაბრკოლებებმა, ან თუნდაც საზოგადოებრივმა პროტესტებმა, შესაძლოა ადვილად დააზიანოს და ჩაშალოს პროექტები. სწორედ ამიტომ, პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან და გაითვალისწინებენ საქართველოს შიდა ვითარებებს.

არსებული კურსის გაგრძელებამ ქვეყანას შეიძლება დაკარგოს შუა დერეფნის საიმედო სუვერენული პარტნიორის რეპუტაცია, რაც უპირველესად აისახება ენერგეტიკულ პროექტებზე და ალტერნატიული მარშრუტებს წაახალისებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სტაბილური და ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური კურსის გარეშე, ქვეყანა შესაძლოა ჩამოშორდეს ევროპულ პროექტებს და დაკარგოს გრძელვადიანი შესაძლებლობები.

გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის პოზიცია ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ მარშრუტების განვითარებაში გეოსტრატეგიულ ინტერესების და ღირებულებით თანხვედრის დაბალანსების მიმართ. მოთმინებით, მაგრამ მტკიცედ განხორციელებულმა რეალისტურმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ, შეიძლება შეინარჩუნოს განვითარების იმპულსი და დატოვოს სივრცე საქართველოსთან ხელახალი დაახლოებისთვის.

შავი ზღვის კაბელის პროექტი (BSC), როგორც ყველაზე წინ წასული და მომგებიანი ინიციატივა, ამ პოზიციის მაჩვენებელი იქნება. წლის ბოლომდე მისი შეტანა ურთიერთინტერესების პროექტების (PMI) ნუსხაში მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი მზადაა განაგრძოს მონაწილეობა შავი ზღვის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანში და, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, იმუშაოს საქართველოსთან. ამან შეიძლება ასევე გააძლიეროს დემოკრატიული სწრაფვა და ცვლილებების მოლოდინი და ფრთხილი ოპტიმიზმით დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე.

საქართველოს აქტიური მუშაობაა ესაჭიროება, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პერსპექტივების შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები