"საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას "აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა"
"ეს პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს, შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ამ პროექტის დასრულება. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12-კილომეტრიანი სამტრედია-გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა.
საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























