აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ არის შემაშფოთებელი. მან საქართველოში "აგენტების კანონის" ამოქმედების ფონზე შექმნილი ვითარება "ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში შეაფასა.
როგორც მაიკლ კარპენტერი აღნიშნავს, ქვეყნის ტრაექტორიასთან ერთად, შემაშფოთებელია "ქართული ოცნების" განცხადებებიც. მან ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც აშშ-მ უკვე აამოქმედა და თქვა, რომ გაგრძელდება გზების ძიება, რათა შესაბამისმა პირებმა პასუხი აგონ.
"საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.
ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და "უცხოეთის აგენტების კანონი" ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცველების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.
იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს",- თქვა მაიკლ კარპენტერმა.