აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეია საქართველოს ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენის მოადგილის ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებში 9-17 ივლისსაა დაგეგმილი.
ის საქართველოში შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს. უზრა ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონისა და სხვა არალიბერალური კანონმდებლობის და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკის გამო, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია საფრთხის ქვეშ დააყენა.
"ის ცხადად იტყვის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და დეზინფორმაციამ შეერთებული შტატების შესახებ, დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა. ზეია ასევე ხაზს გაუსვამს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულების და საქართველოსთან 32-წლიანი პარტნიორობის მიმართ", - აღნიშნულია ინფორმაციაში, სადაც ასევე წერია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე გაიმეორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.