მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს

ასოციაცია
19.04.24 18:36
771

"საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დაგმობილია აღნიშნული კანონის განხილვა. ასოციაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს მხოლოდ იმ მიზნის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი უნდა გახდეს.

განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"ვეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს. დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ სწორედ ის სახელმწიფოები და ინსტიტუტები, ვისაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს უკავშირებს.

მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს დემონსტრანტების უსაფრთხოება. შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იკრიბება ათიათასობით ადამიანი, არ უნდა დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ეფექტიანი ბრძოლის აუცილებელი პირობაა.

ჩვენი მიზანია, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი გახდეს. დღესაც და მომავალშიც, ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები