საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.6 მლრდ აშშ დოლარი (-77.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -105.2 პროცენტია (მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -110.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 275.3 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.1 მლრდ აშშ დოლარია (39.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 354.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.7 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 629.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ასახავს კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტების აქტივებს და ვალდებულებებს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. თუკი წმინდა საინვესტიციო პოზიცია უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტებს უფრო მეტი ფინანსური ვალდებულებები გააჩნიათ არარეზიდენტების მიმართ, ვიდრე აქტივები. ასეთ შემთხვევაში წმინდა საინვესტიციო პოზიცია დებიტორულია და პირიქით, როცა აქტივები ვალდებულებებს აღემატება კრედიტორული. თავის მხრივ, საინვესტიციო პოზიციები არაფინანსურ აქტივებთან ერთად ეკონომიკის წმინდა ღირებულებას ასახავს, ხოლო საინვესტიციო პოზიციები კი - კონკრეტული ქვეყნის დანარჩენ მსოფლიოსთან არსებულ ფინანსურ ურთიერთობას.
ეს უკანასკნელი საგადასახდელო ბალანსის ფინანსური ანგარიშის იდენტურია, მაგრამ ამავდროულად არსებითი განსხვავება გააჩნია. თუკი ფინანსური ანაგრიში დროის გარკვეულ პერიოდში (კვარტალი, წელიწადი) განხორციელებულ ოპერაციებს მოიცავს, საინვესტიციო პოზიციები დროის კონკრეტულ მომენტში არარეზიდენტებისადმი ვალდებულებებს და აქტივებს ნაშთს აღრიცხავს. აღნიშნული ერთგვარი კუმულატიური მაჩვენებელია ფინასური ანგარიშების, რომელიც ეკონომიკის ფინანსურ ღიაობას ზომავს. კერძოდ, ვალდებულების და აქტივების მთლიან ეკონომიკასთან ფარდობა ასახავს თუ რამდენად ღიაა ეკონომიკა ფინანსური ნაკადებისთვის.