"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" ბორდის ხელმძღვანელად შალვა ალავერდაშვილი აირჩიეს. ალავერდაშვილი საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის - Horeka Georgia-ს დამფუძნებელია.
“დარწმუნებული ვართ ალიანსის საქმიანობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება”,- წერია ალიანსის ოფიციალურ გვერდზე.
ტურიზმის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების გაერთიანების, „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (GTIA)" , მიზანია, შეამციროს პანდემიის გავლენა სექტორზე, გაუწიოს ადვოკატირება პოლიტიკის რეფორმებს და დაუჭიროს მხარი ბიზნეს-მეგობრული გარემოს განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის გზით. მისი ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა.
ალიანსი მაისში შეიქმნა.