მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რატომ უნდა ყოფილიყო 2024 ასეთი ნეგატიური, როცა პოზიტიური განწყობებით დაიწყო" - GTI Alliance

ტურიზმის ალიანსი

ტურიზმის სექტორისთვის 2024 წლის შედეგებს BMG-სთან "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე წელი ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა "რუსული კანონის" მიღებამ და პოლიტიკურმა კრიზისმა დარგის განვითარება შეაფერხა.

"2024 წელი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან ტურიზმის სფეროში საკანონმდებლო რეფორმა მიმდინარეობდა და ორგანიზაციულად, რეგულაციების ნაწილში, კიდევ უფრო უნდა დავახლოებოდით ევროპას. თუმცა ვნახეთ, რომ ზაფხულის პერიოდში ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა სექტორი და ნეგატიური განწყობები გამოიწვია როგორც კერძო სექტორში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. მიღებულმა კანონმა ძალიან დააზიანა სამოქალაქო საზოგადოების რეპუტაცია, საქმიანობის მანდატი, გრძელვადიანი პროექტები და, ფაქტობრივად, გაჩერდა მთლიანად რეფორმა; წლის დასასრულს, 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ კი ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ", - ამბობს თანდაშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორი მყისიერად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ჯაჭვური პრინციპით აისახება სტუმარმასპინძლობის მომიჯნავე სექტორებზეც.

"ტურიზმი ძალიან მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ პოლიტიკურ და სოციალურ არეულობებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტია. ასეთი ტიპის რყევების დროს სტრატეგიული დაგეგმარება წარმოუდგენელია, და ჯაჭვისებური პრინციპით გავლენას ახდენს კვების ობიექტებიდან დაწყებული, საავიაციო სფეროთი დამთავრებული ყველა სექტორზე.

2024 წელი რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი ნეგატიური, როდესაც აბსოლუტურად პოზიტიური განწყობებით, საქმიანობით, ინვესტიციებით, ახალი ობიექტების გახსნით დაიწყო და ბიზნესს მოლოდინი ჰქონდა, რომ 5 ნაბიჯით წინ წაიწევდა", - ამბობს GTI Alliance-ის თანადამფუძნებელი.

2025 წლის გეგმებზე კითხვის საპასუხოდ, თამუნა თანდაშვილი მომდევნო წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელსაც რეგიონული მასშტაბები უნდა ჰქონოდა.

"2025 წელს იგეგმებოდა, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობა კიდევ უფრო გაზრდილიყო და ტურიზმის სფეროში დიდი ღონისძიებები გაგვეკეთებინა, კავკასიის რეგიონის სახელით, უფრო მასშტაბური, ვიდრე საქართველოს ფარგლებია. 2025 წელს ვისურვებდი, რომ უბრალოდ მშვიდობა იყოს და ის სამოქალაქო პოზიცია, რომელიც ხალხს აქვს, ჯანსაღი და პროგრესული, გავრცელდეს. არ ვფიქრობთ, რომ სსრკ-ში დაბრუნება საერთოდ ვინმეს უნდოდეს, მაგრამ ვერ ხედავთ, რომ მათი ნაწილი ისეთ ქმედით ნაბიჯებს დგამდეს, რაც თვალნათლივ საქმეში გამოიხატება.

ტურიზმის სფეროს ესაჭიროება თავისუფლება, უსაფრთხოება, ბიზნესის ხმის მოსმენა, თანმიმდევრული, შეთანხმებული გადაწყვეტილებები და მეტად რეგულირებული მუშაობა. სჭირდება საერთაშორისო არეალის გაფართოებაც, მაგრამ იმ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, როდესაც ვაკრიტიკებთ ქვეყნებს, მათ ხელისუფლებებს, არაეთიკურ განცხადებებს ვაკეთებთ და შემდეგ გვინდა, ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები ჩამოვიდნენ, ამის ალბათ აღარავის სჯერა", - ამბობს თანდაშვილი.

"ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის" ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრმა 221-მა კომპანიამ, 2024 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში ₾5 მილიონით იზარალეს. მიზეზად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები